განათლების მინისტრს პარლამენტთან შეძახილებით დახვდნენ - „ნეპოტისტო სანიკიძე, გადადექი!"
საქართველო, 14 ოქტომბერი,
საქინფორმი. „უხელფასობას - არა, ნეპოტიზმს - არა, ცენზურას - არა, სანიკიძე წადი!" - ამ ტრანსპარანტებით გუშინ პარლამენტის შენობასთან
თამარ სანიკიძეს დახვდნენ. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის წევრები განათლების მინისტრს ნეპოტიზმში და ცენზურაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ფერაძე და ცენტრის წევრი
დავით სალია აღნიშნავენ, რომ თამარ სანიკიძის მმართველობის პერიოდში ჩატარებული არცერთი კონკურსი სამართლიანი არ ყოფილა. "
ნეპოტისტო სანიკიძე, გადადექი. ცენზურის დედამთავარი ხარ, გადადექი!", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
სანიკიძე აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ნეპოტიზმთან დაკავშირებული საკითხი მისთვის გაუგებარია და ყველა კონკურსი კანონის შესაბამისობაში ჩატარდა. რაც შეეხება ცენზურას, მინისტრის ინფორმაციით, სკოლებში გარკვეული უხამსი საიტები ხელმიუწვდომელია.