რელიგია
რუის–ურბნისის მიტროპოლიტმა 25 ნოემბრის აქცია აკურთხა და ერსა და ბერს ფეხზე დადგომისკენ მოუწოდა

meufe_iobiდღეს რუის–ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა წარმომადგენლობითი სახალხო კრება რუის–ურბნისის ტაძარში დალოცა და 25 ნოემბრისათვის დაგეგმილი აქცია აკურთხა. მეუფე იობმა საინიციატივო ჯგუფს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა და „წარმატება და მხნეობა“ უსურვა.

სახალხო კრების დალოცვის შემდეგ მეუფე იობმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა და საქართველოს დასაცავად ერს და ბერს მოუწოდა.
„საქართველოს ფიზიკური ოკუპაცია უკვე მომხდარია, ახლა კი მისი სულიერი ოკუპაცია მიმდინარეობს. ქვეყნის გადასარჩენად ერი და ბერი ფეხზე უნდა დადგეს,“– განაცხადა რუის–ურბნისის საკათედრო ტაძარში მეუფე იობმა.
სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი მეუფე იობის მიერ კრების დალოცვას მიესალმება. მათი თქმით, კრების რუის–ურბნისის ტაძარში დალოცვა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის ადგილია, სადაც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა რუის–ურბნისის საეკლესიო კრება მოიწვია, რომელმაც იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ–საზოგადოებრივი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.