საზოგადოება
მარგველაშვილი - Forbes: „თუ პუტინს მიაჩნია, რომ რუსეთის სიძლიერე უნდა აღდგეს არა კეთილმეზობლობით, არამედ სამხედრო აგრესიით, ეს არ არის მომგებიანი პოლიტიკა“

Forbes-saz-3-an-3საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან ჟურნალისთვის „Forbes-Georgia“:

თუ პუტინს მიაჩნია, რომ რუსეთის სიძლიერე უნდა აღდგეს არა კეთილმეზობლობით, არამედ სამხედრო აგრესიით, იმის მიუხედავად, რომ ამით შესაძლებელია კონკრეტულ მომენტებში პატარ-პატარა სარგებელი ნახოს, საბოლოოდ, ეს არ არის მომგებიანი პოლიტიკა. შეიძლება, რუსეთისთვის ცხინვალის ოკუპაცია გარკვეულ მომენტებში საინტერესო იყოს ძალის დემონსტრირების თვალსაზრით, მაგრამ შორს მიმავალ გეგმებში ცხინვალის რეგიონი მისთვის ეკონომიკურად საინტერესო ვერ იქნება და ვერაფერს მოუტანს რუსეთის სახელმწიფოს. კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ, რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება ტერიტორიები. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა ასეთი უხვი ტერიტორიული თუ ბუნებრივი რესურსით. ამ უზარმაზარი, ნახევარი გლობუსის ხელა ქევეყნისთვის ცხინვალის დამატება, ვფიქრობ, არანაირი ლოგიკით არ შეიძლება აიხსნას. აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ გარკვეულ მომენტში ყველა დეტალურად გავიაზრებთ იმას, რომ ამ აგრესიული ქმედებებით შეუძლებელია მიიღო რამე სახელმწიფოებრივი სარგებელი. ასეა ცხინვალისა და აფხაზეთის შემთხვევაშიც – აქ მოგებული არავინაა...

იქაური მოსახლეობა ცხოვრობს ოკუპირებული ტერიტორიებზე, ამ კვაზისახელმწიფოებში, ამის შედეგად არც მათი ცხოვრება გამოსწორებულა, შესაბამისად, მათაც წააგეს. იქაური მოსახლეობა ჩვენთან გადმოსვლას და ურთიერთობას ცდილობს. სურთ, რომ სოციალური დახმარება მიიღონ ქართული სახელმწიფოსგან და ამიტომაც უვლებენ მავთულხლართებს. იქიდან აქეთ წამოსვლა უნდა ხალხს. რუსეთმა ამხელა ტერიტორიას მიამატა ცხინვალი და ამით საერთაშორისო არენაზე სერიოზული დარტყმა მიაყენა საკუთარ თავს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

(ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ ჟურნალის ოქტომბრის ნომერში)