სამართალი
საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მირზა ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს ლაშა ჯიხვაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ინსპექტორ-გამომძიებელ ლაშა ჯიხვაშვილს ბრალი მკვლელობასა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე წარედგინა.
2014 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე. დადგენილი იქნა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი - წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1993 წლის 7 მაისს დაბადებული მირზა ბუჩუაძე.
იმავე დღეს ჯიხვაშვილმა ავტომანქანით მოძრავი მირზა ბუჩუაძე შეამჩნია, კოლეგებთან ერთად ფეხით დაედევნა და ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. ბუჩუაძე მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც ლაშა ჯიხვაშვილმა ავტომანქანის მიმართულებით გაისროლა, რასაც მ. ბუჩუაძის გარდაცვალება მოჰყვა.