რელიგია
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საღმრთო ლიტურგიას დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წმიდა, საკვირველმოქმედი და ძლევამოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა.
303 წელს მას, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს. წმ. გიორგი იყო მხედართმთავარი და დიოკლეტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით, მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ეს დღესასწაული სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.