სამართალი
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესამე სამმართველო „წითელი ხიდი“-ს მე-5 სექტორ „ბურდაზორი“-ს შენობა გახსნა. საზეიმო ცერემონიას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, უწყების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს მეოთხე სექტორი „ახკერპი“ გახსნა. საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 3 სასაზღვრო სექტორი, საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი, საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 4 სასაზღვრო სექტორი, საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი. 2014 წლის ბოლოსთვის კიდევ 6 ახალი სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დაიწყება.