თემურ შაშიაშვილი: „სახალხო კრებაზე მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას მოვითხოვთ“
„თეთრების“ აზრით, ქვეყნის გადარჩენის უნივერსალური გზა ეროვნული სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევაა. მისი თქმით, 25 ნოემბერს ''სახალხო კრების'' ყრილობაზე ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას უნდა გამოუტანოს განაჩენი და მსოფლიოს გასაგონად შესძახოს, რომ ქართველ ერს ვერავინ დააჩოქებს.
საქინფორმი „თეთრების“ ლიდერ თემურ შაშიაშვილს ესაუბრა. აი, რას მოელის ის ''სახალხო კრებისგან'' და, მისი აზრით, როგორია კრების სამოქმედო გეგმა.
- რატომ გახდა აუცილებელი სახალხო კრების მოწვევა და რა მიზანს ემსახურება ის?
- 2006 წლის დასაწყისიდან გარკვეული ჯგუფი ფიქრობდა, რომ მოწვეულიყო ეროვნული კრება, რადგან მიტინგებს აღარ აქვს ძალა და, საერთოდ, მიტინგების გზა რევოლუციურია. ’’კრება’’ არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელსაც აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება და ეს მსოფლიოში მიღებული ფორმაა. საქართველოს კრებების მოწვევის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. პირველი კრება სამეგრელოში გუბაზ მეფის მკვლელობის დროს ჩატარდა, შემდეგ დავით აღმაშენებელმა მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება სრულიად შეცვალა და 1918 წელს კი ''ეროვნულმა კრებამ'' დემოკრატიული ხელისუფლება მოიყვანა ქვეყნის სათავეში.
- ანუ აქციებსა და დემონსტრაციებზე უარს ამბობთ?
- აქციები რევოლუციური გზაა და სწორედ ამ გზით მოვიდა სააკაშვილი. ეს არის ხალხის ზეწოლით, შევარდნებით, ჩხუბით, იარაღითა და ძალის გამოყენებით მოსული ხელისუფლება. ჩვენი გზა არის მშვიდობიანი. ''ეროვნული კრების'' ფუნქციაა: პირველი - განახლებული ეროვნული მოძრაობა, მეორე - რეალური დემოკრატია და ბოლო - ინტელექტუალური რადიკალიზაცია.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ქვეყნის გადარჩენის უნივერსალური გზა სახალხო კრების მოწვევაა?
- მის შემადგენლობაში ისეთი ადამიანები არიან, როგორიცაა ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, ეკა ბესელია, გოგი ქავთარაძე, რობერტ სტურუა და სხვა ისეთი პიროვნებები, რომლებიც აზროვნებით განათებული ადამიანები არიან. ამ ადამიანებთან ერთად მთელი ქვეყანა უნდა დავდგეთ და საქართველოს ვუშველოთ. დღეს ქვეყანას სჭირდება შველა და ეს შველა არა რევოლუციასა და გადატრიალებაშია, არამედ რეალურ დემოკრატიასა და განახლებულ ეროვნულ მოძრაობაში. ეს კრება კი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
- თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ხელისუფლება და ამ კრების უკან ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ხედავს.
- ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებს დაუკავშიროს აღნიშნული კრება. ეს მერაბიშვილ-სააკაშვილის პროექტია. ძირითადად საუბრობენ, რომ მათგან წავიდა უკმაყოფილო ნინო ბურჯანაძე და ის აწყობს ამ კრებას. მერაბიშვილს უკვე ჰყავს 15-20 ადამიანი, რომლებიც შეაგზავნა ''სახალხო კრებაში''. 25 ნოემბრის მერე ამათ ვითომ დაიჭერს, ტელევიზიით გამოიყვანს და ათქმევინებს, რომ თითქოს ისინი რუსეთიდან ფინანსდებოდნენ და რუსეთის ხელისუფლების დავალებებს ასრულებდნენ. ამას ხომ არავინ დაიჯერებს, რადგან ამ კრებას არა თუ პოლიტიკოსები, არამედ ხალხი აწყობს. თავად ხალხია ორგანიზატორი და ეს ხალხი გამოუტანს განაჩენს ამ ხელისუფლებას.
- რას ელით 25 ნოემბრისგან და რა შედეგი მოჰყვება სახალხო კრების ჩატარებას?
- კრებისგან ველი იმას, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ეს გამარჯვება არ იქნება ერთდღიანი. ეროვნული კრება იქნება ქართველი ხალხის შემოძახილი, რომ ჩვენ არ დავმონებულვართ და ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც ცივილიზაციის სათავეებთან იდგა და დღესაც დგას.
- როგორია ''სახალხო კრების'' მოქმედების სტრატეგია?
- ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გაეროსა და საერთაშორისო ნორმებით არის მიღებული. ჩვენი ამოცანაა, უნდობლობა გამოვუცხადოთ ამ ხელისუფლებას და მოვითხოვთ ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას. სარჩელს სასამართლოში შევიტანთ და მოვითხოვთ ხელისუფლება გაასამართლონ 7 ნოემბრისთვის, ქართველი ხალხის გენოციდისთვის, უნივერსიტეტების დანგრევისთვის; ასევე, მოვითხოვთ, გამოიძიონ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზები. მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, ჩამოვიდნენ და ნახონ, ქართველი ხალხი როგორ გაასამართლებს ამ ხელისუფლებას.
- კრებაზე დადგება თუ არა მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ?
- ჩვენ არ გვინდა არც პარლამენტში და არც კანცელარიაში შევარდნა. თუ ვინმე სადმე შევარდება, ეს იქნება ხელისუფლების პროვოკაცია. მე გადადგომის მოთხოვნის წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს იგივე რევოლუციაა, მე კი რევოლუციის მომხრე არ ვარ. ჩვენ დავიწყებთ სასამართლო პროცესს. ჩემი აზრით, ამ ხელისუფლების პარპაში რამდენიმე თვეც კი არ უნდა გაგრძელდეს. მაგრამ ისიც უნდა გავიგოთ, რომ ერთ დღეში ეს არ გაკეთდება, თუ ჩვენ ერთ დღეში მოვინდომებთ ამ ხელისუფლების გადაყენებას, ეს მხოლოდ სააკაშვილს წისქვილზე დაასხამს წყალს. ჩემი პოზიციაა, რომ სასამართლომ ამ ხელისუფლების ყველა დანაშაული განიხილოს და დადოს დასკვნა ამ ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის გენოციდის შესახებ.
- თუმცა არც ხელისუფლება იქნება გულხელდაკრეფილი. იტყვიან, რას გვერჩით, ვერ ხედავთ, საქართველო №1 რეფორმატორი ქვეყანააო...
- რას ნიშნავს №1 რეფორმატორობა? ამ ათეულში თქვენ ვერ ნახავთ ვერც გერმანიას, ვერც საფრანგეთს და ევროპის რომელიმე განვითარებულ ქვეყანას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ადვილად გასაყიდი ქვეყანა გავხდით. ადვილად შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მიწის, ენერგორესურსების, ტყეების ყიდვა. ეს არის საქართველოსთვის ტრაგედია. ტრაგედიაა, როდესაც მინისტრებმა ქართული ენა არ იციან, ციხის მინისტრი კი განათლების მინისტრად დანიშნეს და ის გვარად შაშკინია. ნახეთ სააკაშვილმა რამხელა რეზიდენცია ააშენა, სადაც დედამისი და ძმა გადაიყვანა საცხოვრებლად. თავს ბატონად თვლის და ხალხს „თავზე დააჯდა“, ასეთი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გასასამართლებელია.
- რას იტყვით იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც ''სახალხო კრებას'' უნდობლობა გამოუცხადეს?
- პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ კრებას შემოუერთდება, დასაფასებელია. პოლიტიკურ ძალთა ერთი ნაწილი ხელისუფლებასთან დიალოგის გზას დაადგა, ეს ძალიან კარგია. თუმცა არც კრების წევრებმა უნდა ლანძღონ ის პარტიები, რომლებიც მას მხარს არ უჭერენ და არც ამ პარტიებმა - ''სახალხო კრების'' მონაწილეები. ეს მხოლოდ მერაბიშვილ-სააკაშვილს აწყობს, მათ უნდათ, ოპოზიციის ორი პოლიტიკური გუნდი ერთმანეთს დააჯახონ. ნებისმიერი ადამიანი ან პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ კრებას ნინო ბურჯანაძე ან რუსეთი აწყობს, მერაბიშვილის საქმეს აკეთებს და ქართველი ხალხის მტერია.
- რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერაც არ გადაუწყვეტიათ 25 ნოემბერს პარლამენტთან მისვლა?
- ამ ეროვნულ კრებაზე ერთად შევძახოთ მსოფლიოს და ამ ხელისუფლებას, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც კუჭი ვერ გაიმარჯვებს გონებაზე. საქართველოს მოსახლეობა თუ აირჩევს ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამერიკასთანაც უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით და რუსეთთანაც დავარეგულირებთ ურთიერთობას.