აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ აჭარაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ხაბაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე წყალი არ მიეწოდებათ ძველი ქსელის აბონენტებს, ბათუმში, ხელვაჩაურსა და მაღალმთიან აჭარაში კი აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
პრობლემებია ასევე ქედაში, სოფელ მერისში, მდინარე აკავრეთა ადიდდა და გზაზე გადმოვიდა. აჭარა-გურიის მონაკვეთზე ქარმა საგზაო დაბრკოლებები შექმნა.
„მობილიზებულია ყველა სამსახური, სახანძრო ბრიგადა და მიმდინარეობს წყლების გამოტუმბვა პერიოდულად სხვადასხვა ეზოში. ბათუმში ამ დროისათვის შუქი არ მიეწოდება 640 აბონენტს ჭაობის ტერიტორიაზე. ხელვაჩაურში 700, ქობულეთში - 3000-მდე და ზემო აჭარაში - 740 აბონენტს. ელექტრიკოსთა ჯგუფები გასულები არიან და მუშაობენ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. წყალი ვერ მიეწოდება ძველი ქსელის აბონენტებს: ბენზე, ბარცხანა, ბონი, გოროდოკის დასახლებებს, რომლებიც ჩაქვის წყალსაცავზეა მიერთებული. ძლიერი ქარის გამო ქობულეთსა და ხელვაჩაურში სამანქანო გზა ჩახერგილი იყო ხეებით და უკვე აღმოფხვრილია პრობლემები. გურია-აჭარის დამაკავშირებელ ხიდთანაც მსგავსი პრობლემა იყო და უკვე გზა მგაწმენდილია“, - განაცხადა ხაბაძემ.