საზოგადოება
თეა წულუკიანი: „პრეზიდენტი კონსტიტუციურად არის კომფორტულ მდგომარეობაში, რაც მან ვერ მოირგო“

Culukiani-sazog-2საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა, რომელიც კონსტიტუციურად, მინისტრებისა და პრემიერისგან განსხვავებით, კომფორტულ მდგომარეობაშია, ეს ვერ მოირგო.

„პრეზიდენტის როლია უზრუნველყოს სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირება, ეს გულისხმობს იმას, რომ მან ამ მიმართულებით ხელშემწყობი როლი ითამაშოს და არა, ვთქვათ, ჯინში მდგარი, განაწყენებული ადამიანის. პირადი წყენა და საქმე უნდა განვასხვაოთ, სახელმწიფო და პირადი უნდა გავმიჯნოთ და ვიმუშაოთ მხოლოდ ქვეყნისთვის, მისი წინსვლისთვის. არის კიდევ სხვა თემები, მაგალითად, როდესაც ვიღაცა გაბედავს და ღორის თავს ჩამოკიდებს მედრესეზე, მე ვფიქრობ, პრეზიდენტმა უნდა ითამაშოს გამაერთიანებლის როლი, ის უნდა იყოს შემრიგებელი, რადიკალური ჯგუფების ერთად დამსმელი, ვინაიდან მთავრობა ამ შემთხვევაში არის ის, ვინც უნდა მოიქცეს დამსჯელივით - მოიკვლიოს ვინ გააკეთა ეს და დასაჯოს. მე ისიც ვიცი, რა არ უნდა აკეთოს პრეზიდენტმა, მაგალითად, როცა მასთან მიდის მთავრობის რომელიმე წევრი უცხოელ სტუმართან ერთად, უცხოელი სტუმრის თანდასწრებით მთავრობის წევრი ღიად არ უნდა დაამციროს", - განაცხადა წულუკიანმა.