პოლიტიკა
"თავისუფალი აზრის სახლის" ინფორმაციით, ხელისუფლებას ''წარმომადგენლობით სახალხო კრებაში'' საკუთარი დელეგატები ჰყავს შეგზავნილი

tavisufali_azris_saxliროგორც "თავისუფალი აზრის სახლის" ხელმძღვანელმა ბაკურ ბაკურაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ხელისუფლებამ ''კრებას'' მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონისა და სპორტის სასახლის დათმობაზე, ქალაქში ქაოსის შექმნის მიზნით, უთხრა უარი". "სახალხო კრებას'' უკვე ჰყავს 12 500 დელეგატი და თითოეულ მათგანს 50-70 ადამიანის მანდატი გააჩნია, ამას ემატება „სახალხო წარმომადგენლობითი კრების" მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიების საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქტივი, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები. "თავისუფალი აზრის სახლს", სანდო წყაროზე დაყრდნობით, დადასტურებული ინფორმაცია გააჩნია, რომ ხელისუფლებას დელეგატებს შორის უკვე შეგზავნილი ჰყავს 15-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც "სახალხო წარმომადგენლობითი კრების" გამართვის შემდეგ დააპატიმრებენ და არაერთგზის აპრობირებული საჯარო აღიარებით ''კრების'' ლიდერების უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადებას მოახდენენ", - განაცხადა ბაკურაძემ. შეგახსენებთ, რომ ''წარმომადგენლობითი სახალხო კრება'' 25 ნოემბერს პარლამენტის წინ გაიმართება. მასში კრების საინიციატივო ჯგუფი, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის", "ეროვნული ფორუმი", "ეროვნული საბჭო", "ქალთა პარტია", მოძრაობა "თეთრები", "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და სამოქალაქო თანხმობის ჯგუფი მიიღებენ მონაწილეობას.