პუბლიკაციები
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტი ჩაიშალა!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 11 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს იყო ორგანიზებულად მუშაობა აშშ-ში პრეზიდენტის ვიზიტის ჩასაშლელად!“

analit-GEOსაქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი.
მოგესალმებით.
დღეს თქვენი მოწვევა იქიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ გახშირდა კრიტიკა პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ რამდენიმე პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.
მესმის დემოკრატია, ხშირად, ძალიან რთული გასატარებელია ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ამას  ყველანი ერთად შევძლებთ.

მინდა ვუპასუხო იმ კრიტიკას, რომელიც ჩემ მიმართ მოდის აღმასრულებელი გუნდის გარკვეული წარმომადგენლებისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და დავარწმუნო ყველა, რომ აქ არ არის პიროვნული და პოლიტიკური დაპირისპირება.

აქ არის პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ძალიან პრინციპული მცდელობა  რეალურად საქართველოში ჩამოაყალიბოს ფუნქციონირებადი დემოკრატია.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა ინსტიტუტი - როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი, ისე პრეზიდენტი და სასამართლო - ასრულებს თავის მოვალეობას და ვალდებულებას.

ჩემი პოზიციაც აქედან გამომდინარეობს.

მე არც ერთ მომენტში არ მქონია მცდელობა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებული ნაბიჯი გადამედგა.

ყველა ჩემი მცდელობის ამოსავალი იყო ის, რომ ერთნაირად გამეძლიერებინა ყველა ინსტიტუტი. ამას ახლაც ვაკეთებ და მომავალშიც განვაგრძობ.

აქედან გამომდინარეობს ჩემი პოზიციებიც, რომელსაც ვაცხადებ და ვახმოვანებ.

ეს დაპირისპირება, სამწუხაროდ, გადავიდა მართლაც პრობლემურ დაპირისპირებაში.

გუშინ მე მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან და გამიჩნდა განცდა, რომ ჩვენ მივდივართ სიტუაციის დალაგებისკენ.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ძალიან სერიოზული, ორგანიზებული მუშაობა წარიმართა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საწინაამღმდეგოდ.

ამ მუშაობის შედეგად, სამწუხაროდ, ვიზიტი აშშ-ში არის ჩაშლილი.

ეს არის არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ.

ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, არამედ უწყებრივი დაპირისპირებებიდან გამომდინარე.

თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და შევეცდებით, რომ მონოპოლიზაცია მოვახდინოთ ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტში, ჩემი აზრით, მივიღებთ იმას, რაც ასე ძალიან მოგვწონდა სააკაშვილის რეჟიმში.

ფაქტობრივად, ვიზიტი ჩაშლილია და ამის წინაპირობა დავინახე დღეს დილით.

მე ვერ გეტყვით რა ჯგუფების მხრიდან არის ჩაშლილი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია მანამდეც გვქონდა, ჩვენ ვიცოდით, რომ არ გვეხმარებოდნენ, მაგრამ სერიოზული ნაბიჯები რომ იყო გადადგმული იმის საწინააღმდეგოდ, რომ პრეზიდენტს ჰქონოდა ეფექტიანი ვიზიტი, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია მივიღე დღეს.

სერიოზული სირთულეები, სამწუხაროდ, უკვე გამოიხატებოდა იმაში, რომ ვიზიტის დროს რეალურად ვერ შესრულდებოდა ის სამუშაო, რომელიც  უნდა განმეხორციელებინა და ეს გავიგე დღეს დილით.

იმის ერთ მაგალითსაც ვერავინ დაასახელებს, რომ მე ხელი შევუშალე ხელისფულებას, იქნება ეს აღმასრულებელი, თუ საკანონმდებლო, თავის საქმიანობაში - ვერავინ, ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიტანს.

ჩვენ ვდგავართ დემოკრატიის მშენებლობის გზაზე, ეს არის რთული გზა.

ამ გზაზე, როდესაც რომელიმე ინსტიტუტი დამოუკიდებელ, თავისი მანდატის შესაბამის  პოლიტიკას ახორციელებს, ეს ხშირად არის ხოლმე აღქმული, როგორც დაპირისპირება.

მე მინდა კიდევ ერთხელ გავახსენო ყველას, რომ ეს არ არის დაპირისპირება, ეს არის დემოკრატია.

დემოკრატია რთულია, მე მესმის ეს და ჩვენ მივალთ ამ წერტილამდე.

მე ვემსახურები ქვეყანას, ვემსახურები იმას, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატიული წყობა.

მე ვემსახურები ქვეყანას კონსტიტუციის ფარგლებში და ასე გავაგრძელებ.

ბუნებრივია, ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს არ ჰქონდეს საუბრის შესაძლებლობა და გაჩუმდეს, იქნება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

ყველას, ვისაც მოლოდინი აქვს, რომ უნდა იყოს აბსოლუტური უნისონი, არ უნდა იყოს ძალთა ნორმალური ბალანსი და, ფაქტობრივად, ხელისუფლება გადაქაჩული უნდა იქნას ერთი მიმართლებით, ჩემი აზრით, კარგად არ ესმით რას ნიშნავს დემოკრატია.

მე ვასრულებ ჩემს მოვალეობებს კონსტიტუციის შესაბამისად და არც ერთი ნაბიჯით არ გადამიხვევია.

თუ მოხდება ძალის გადაქაჩვა პარლამენტის უფლებამოსილების, პრეზიდენტის და სხვა მიმართულებით, ყველგან დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას.

პოლიტიკურ თემებზე დაპირისპირების ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, მაგრამ ინსტიტუციურ თემებზე, რომ პრეზიდენტი, ისევე როგორც პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისფლებები დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და მათ ევალებათ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, ამასთან დაკავშირებით ვინარჩუნებ იმავე პოზიციას, როგორიც მანამდე მქონდა.

მე ვერ მოვახდენ ხელისუფლების ან ჩემკენ გადმოქაჩვას, ან რომელიმე შტოსკენ.

ეს არის დემოკრატია, ეს არის კონსტიტუციონალიზმი.

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვერ შევაფასებ, რადგან არ მინახავს, მაგრამ ცოტა უცნაურია, რომ პრეზიდენტი იყოს ვინმეს კონკურენტი.

პრეზიდენტს აქვს საკუთარი უფლებამოსილებები, რომელთა აღსრულება ჩემი ვალდებულებაა და მე მათ აღვასრულებ.

თუ იქნება ასეთი პრობლემური მომენტები, რომ შეიქმნება პრობლემა ჩემს ვიზიტებთან დაკავშირებით და ა.შ. ჩემი აზრით, ეს ის არის, რაშიც ვცხოვრობთ.

უფრო მაღალი, მთავარი ფასეულობა უნდა იყოს ის, რომ შევასრულოთ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა.

ამ ვითარებაში მე არც ერთი მიმართულებით არ ვქაჩავ, ასე ვთქვათ, საბანს, რადგან არც მინისტრების დანიშვნა მჭირდება და არც არავის პოლიტიკურ გუნდს არ ვწევ წინ, მაგრამ რაც შეეხება ინსტიტუტებს შორის ბალანსს, ეს იქნება შენარჩუნებული. ესაა ჩემი ვალდებულება.

ვფიქრობ, ბატონი ბიძინა ცალმხრივად იღებს ინფორმაციას - საქართველო  არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა,  საქართველო არის ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა.

საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკაში კი პრეზიდენტებს, ჩვეულებრივ, ირჩევს პარლამენტი.

ამასთან დაკავშირებით შეიძლება კიდევ წიაღსვლები მოხდეს; საზოგადოებამ ნათლად ჩახედოს მარტივ ჭეშმარიტებებს და არ ილაპარაკოს ამ თემებზე პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე.

მით უმეტეს ეს თემები რეალური არ არის, რადგან ის ვალდებულებები, რომლებსაც მე ვახორციელებ, არ შეიცავს პოლიტიკურ შინაარსს.

მე უზრუნველვყოფ იმას, რომ ქვეყანაში დაცული იქნას დემოკრატიული ბალნასი, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია.

მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და აქედან გამომდინარე მაქვს დიდი ვალდებულებები. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სრული შესაძლებლობა და რესურსი საზოგადოებას ავუხსნა როგორ უნდა განვითარდეს მომავალში ქვეყანა.

აქ არის მარტივი ჭეშმარიტება:

საქართველო არის დემოკრატია. დემოკრატია კი ნიშნავს იმას, რომ არავინ არ არის დირექტორი და ძალაუფლება გადანაწილებულია შტოებს შორის. ყველა ჩვენგანს ევალება ამის დაცვა, ყველა ჩვენგანს ევალება ემსახუროს ამ პრინციპებს. მე სწორედ ამ პრინციპებს და ამ პროცესს ვემსახურები და ასეც გავაგრძელებ მომავალში.

შესაბამისად, პოლიტიკური ძალა იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო, არ მჭირდება.

გმადლობთ.