ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია სამ ნაწილად იშლება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ვერა ქობალიას განმარტებით, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დაშლის მიზეზი საერთაშორისო სტანდარტებია. "მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება, ამიტომ იგეგმება ძველი თანამშრომლების კვალიფიციური ახალი კადრებით ჩანაცვლება.
ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ვაკანსიები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება აქვთ, გამოგვეხმაურონ. ჩვენი მიზანია ძლიერი და ახალგაზრდა კადრების აყვანა", - განაცხადა ქობალიამ. შეგახსენებთ, რომ საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო დეპარტამენტები ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის შემადგენლობაში 2005 წელს გაერთიანდნენ.