საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შორის შეხვედრა გაიმართა

sazog-1საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე გამახვილდა, რომელიც საქართველომ ნატოს უელსის სამიტის შედეგად მიიღო. მხარეებმა პაკეტით გათვალისწინებული მექანიზმების იმპლემენტაციაზე ისაუბრეს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს პაკეტით განსაზღვრული მექანიზმების განხორციელების პროცესში ამერიკული მხარის დახმარება აღუთქვა.

განხილვის ერთ-ერთი თემა  რეგიონალური უსაფრთხოება და უკრაინის კრიზისი იყო. ყურადღება გამახვილდა ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაზეც. ირაკლი ალასანიამ ამერიკელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, რომ ქართული სამხედრო კონტინგენტი 2015 წლიდან „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში მიიღებს მონაწილეობას.