უცხოეთი
ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას ზეზუსტ იარაღს მიაწვდიან

1-T-zarub-3საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ნატოს რიგ წევრ ქვეყნებთან უკრაინამ ზეზუსტი იარაღის მიწოდებაზე  შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უელსში ალიანსის სამიტის ფარგლებში ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. უშუალოდ ნატოსგან კი კიევმა, არმიის მოდერნიზაციისა და თავდაცვის განმტკიცებისთვის 15 მლნ ევრომდე მიიღო. ნატოს გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, უკრაინა მუდამ მხარს უჭერდა ნატოს და დადგა დრო, რომ ალიანსმა მხარი დაუჭიროს უკრაინას.

პოროშენკომ მადლობა გადაუხადა ნატოს უკრაინის არმიის მოდერნიზაციის საჭიროებებისათვის ოთხი სატრასტო ფონდის შექმნის ინიციატივისთვის. ამასთანავე, პოროშენკოს თქმით, ბლოკის რიგმა ქვეყნებმა თანხმობა განაცხადეს მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიღებაზე.

თავის მხრივ, ანდერს ფოგ რასმუსენმა დასძინა, რომ ნატო იძულებულია ფრთხილად მოეკიდოს რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სამშვიდობო გეგმას. „ჩვენ ადრეც მოგვისმენია მსგავსი განცხადებები და ინიციატივები, თუმცა სინამდვილეში ისინი რუსეთის მიერ უკრაინის დესტაბილიზაციის გასაგრძელებლად კვამლის საფარველს წარმოადგენდა. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით იძულებული ვართ შეფასებებში ვიფრთხილოთ, თუმცა მივესალმებით, თუ ნამდვილ მისწრაფებას დავინახავთ პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ“, - აღნიშნა რასმუსენმა.