ირაკლი ალასანია კანადისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა
საქართველო, 8 სექტემბერი,
საქინფორმი. უელსის სამიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრებთან:
რობერტ ნიკოლსონსა და
კარლ ჰაგლუნდთან შეხვედრები გამართა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივები და „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტის მნიშვნელობა იყო.
„ჩემს ფინელ და კანადელ კოლეგებთან დავაყენეთ საკითხი, რომ აღნიშნული ქვეყნები საქართველო-ნატოს პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩაერთონ. მათ ეს წინადადებები მიიღეს... საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა ასპირანტ ქვეყნებს შორის, რომელიც ამ ახალი ფორმატისა და ინიციატივის ნაწილი გახდა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ჩავერთოთ დაგეგმარების, ოპერაციების, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის პროცესებში, სადაც აქამდე მხოლოდ წევრი ქვეყნები იყვნენ ჩართული. ეს არის ნატოს მხრიდან კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო არის გამორჩეული პარტნიორი და გაწევრიანების გზაზე დგას“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.