აქტუალური
გენერალი ჯეიმს ამოსი თავდაცვის სამინისტროს ეწვია

1-aqtual-2-Bსაქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდალ ჯეიმს ამოსს თავდაცვის უწყებაში გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ უმასპინძლეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის უელსის სამიტისა და „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტის მნიშვნელობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობასა და 2015 წლიდან „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვაზე გამახვილდა. საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონალური უსაფრთხოება და უკრაინის კრიზისი იყო.

შეხვედრის დასასრულს, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამერიკელ სტუმარს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა.