პოლიტიკა
ნონა გაფრინდაშვილი: ''25 ნოემბერს დადგება პრეზიდენტის გადადგომის საკითხი''

nona2''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' მიერ ორგანიზებულ აქციამდე რამდენიმე დღე დარჩა. საქინფორმი დაინტერესდა, თუ როგორი იქნება 25 ნოემბრის დღის წესრიგი და რა საკითხებს განიხილავენ პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები. ამის თაობაზე საქინფორმს ,,წარმომადგენლობითი სახალხო კრების’’ საინიციატივო ჯგუფის წევრი ნონა გაფრინდაშვილი ესაუბრა.

- როგორი იქნება 25 ნოემბერს დაგეგმილი აქციის დღის წესრიგი?

- ჩვენ არ დაგვითმო ამ ხელისუფლებამ სპორტის სასახლე, ამიტომ სხვა საშუალება არ იყო, გაგვეყვანა ეს ხალხი რუსთაველის პროსპექტზე და ღია ცის ქვეშ შედგება კრება. ჩარჩოებში მოექცევა კრების მსვლელობა. დარეგიტრირდებიან დელეგატები და იქ მიიღება მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რის გამოც ჩვენ გავდივართ რუსთაველის გამზირზე და რის გამოც ჩვენ ვაცხადებთ პროტესტს.

- რა დოკუმენტებზეა საუბარი?

- ეს იქნება იურიდიულ ჩარჩოებში მოქცეული დოკუმენტები. იქნებიან დელეგატები, რომელთაც ხალხი ხმას მისცემს. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლების გადადგომას. ეს არის ძირითადი მოთხოვნა. შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, ვერაფერს ვიტყვი. გარდა ამისა, ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი სურვილი არ გვაქვს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა.

– რა ალტერნატივა გაქვთ?

- თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ახლა სააკაშვილმა თუ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები ის გაყალბდება? სადაც ძალოვანები და სახელმწიფო სტრუქტურებია ჩარეული, რომელ არჩევნებზე შეიძლება ლაპარაკი? პირველ რიგში, ძალოვანი სტრუქტურები უნდა გახდეს დეპოლიტიზირებული. მხოლოდ ამ შემთხვევაშია არჩევნების ჩატარება შესაძლებელი. ჩვენ შევთავაზებთ ამ ხელისუფლებას გადადგომას, ეს არის ხალხის მოთხოვნა, ამ ყველაფერს ექნება ლეგიტიმიზაცია, რადგან ეს მოთხოვნები იქნება ათასობით ადამიანის მიერ ხელმოწერილი.

- ამ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად თუ ჩამოვლენ რეგიონებიდან?

- აუცილებლად. ყველა დელეგატის უკან დგას გარკვეულ ადამიანთა ჯგუფი, ამიტომ დელეგატები გამოიყვანენ იმ ადამიანებს, ვინც ხელი შეუწყო მათ დელეგატობაში. ჩვენ თავდაპირველად ,როდესც გვინდოდა ეს კრება სპორტის სასახლეში ჩაგვეტარებინა, 12 000 კაცის მიყვანა შეგვეძლო მხოლოდ. პარლამენტის შენობის წინ კი ამ მხრივ შეზღუდვა არ იქნება და მოვა ძალიან ბევრი ადამიანი. ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ მოვიდეს ამ ღონისძიებაზე, რადგან ყველა დოკუმენტის მიღება და მოთხოვნების გაჟღერება მათ თვალწინ მოხდება.

- საქინფორმმა ჩაატარა გამოკითხვა რიგით მოქალაქეებში - აპირებენ თუ არა ისინი შეუერთდნენ 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციას. ძალიან ბევრი მოქალაქე აპირებს, რომ მოვიდეს ამ შეკრებაზე, თუმცა მათი განწყობა უფრო საპროტესტოა.

- კრების წევრებს თუ გაქვთ ამგვარი განწყობა?

- რა თქმა უნდა, ჩვენი განწყობაც სწორედ საპროტესტოა. ვფიქრობ, რომ ხალხის სიმრავლე არ გამოიწვევს რაიმე დესტაბილიზაციას. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ისეთი მოქალაქეები გვყავს, რომ 300 000 ადამიანიც გამოსულა ქუჩაში და არანაირ ექსცეს ადგილი არ ჰქონია, თუ ისევ ხელისუფლებამ არ დაგეგმა რაიმე პროვოკაცია. ამიტომ ის, რომ ბევრი ხალხი იქნება და რაიმე ინცინდენტებს ექნება ადგილი, ამას არ ვვარაუდობთ.

- მიიღებს თუ არა ამ დღის შემდეგ ეს აქცია პერმანენტულ ხასიათს?

- წინასწარ გამიჭირდება ამის თქმა. მთავარია, როგორ დამთავრდება 25 ნოემბერი. ამის შემდეგ შევხედავთ, თუ როგორი იქნება ხალხის განწყობა. ერთზე შემიძლია დაზუსტებით გაგცეთ პასუხი, რომ ჩვენი ყველა მოთხოვნა იქნება სამართლიანი და იურიდიულად დამტკიცებული. მთავარია, ამ ხელისუფლებამ დაინახოს, რომ, როდესაც არ ასრულებს ხალხის მოთხოვნას, ის მუდმივად წინააღმდგობაში იქნება საკუთარ მოქალაქეებთან.