საზოგადოება
მაია ფანჯიკიძე: „ორი დელეგაციის ერთდროულად გამგზავრება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დააზიანებს ქვეყნის იმიჯს“

1-maya-sazog-3საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთხელ განუმარტეს, თუ რატომ მიაჩნიათ უხერხულად გაეროს სამიტზე ორი დელეგაციის გამგზავრება.

"მას შემდეგ, რაც გაეროში არის გაგზავნილი ინფორმაცია, რომ პრემიერი არის დელეგაციის ხელმძღვანელი, მის სახელზე მოდის სხვადასხვა სახის მოწვევები. ჩვენ გვქონდა ძალიან ხშირი კომუნიკაცია პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძესთან. ვცდილობდით განგვემარტა ის არგუმენტები, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ორი დელეგაციის ერთდროულად გამგზავრება ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დააზიანებს ქვეყნის იმიჯს. გარდა ამისა, უხერხულია, რადგანაც ეს ფაქტობრივად არასდროს არ ხდება. ჩვენ შევეცადეთ ბატონი თენგიზ ფხალაძისთვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განგვემარტა, თუ რა არგუმენტები გვქონდა იმისათვის, რომ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ორი დელეგაციის გამგზავრება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს არგუმენტები არ ყოფილა გათვალისწინებული, რადგან ითქვა, რომ პრეზიდენტის მიერ დასტური არის გაგზავნილი... არ არის მართებული საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით ვიზიტის მომზადება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მას არ ჰქონია საშუალება, პირადად  ესაუბრა პრეზიდენტთან და, შესაბამისად, მისი პოზიცია არ იცის.