საკადრო კარუსელის მოჯადოებული წრე ახალი რევოლუციის მოლოდინში
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი (გიგა) ბოკერია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა. ვიცე–პრემიერის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის კანდიდატურა, აშშ–ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის პოსტზე, პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე წარუდგინა.
პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრის ნიკოლოზ გილაურის ბრძანებით, ვიცე–პრემიერისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დაინიშნა ეკატერინე ტყეშელაშვილი, რომელსაც მანამდე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა, – იუწყება პრეზიდენტის საიტი.
როგორც „საქინფორმს“ სანდო წყარომ აცნობა, საკადრო ცვლილებები ორშაბათიდან გაგრძელდება და შეეხება როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე დიპკორპუსსაც. გამორიცხული არაა, რომ საკადრო კარუსელი ამა წლის 25 ნოემბერს სახალხო კრების მიერ პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდებოდეს: წინასწარი მონაცემებით, საპროტესტო აქცია ფართომასშტაბიანი იქნება და 12.000 არჩეული დელეგატი (რომელთაგან თითოეული მის ამრჩევ 34 მოქალაქეს წარმოადგენს) საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის მიმართ წასაყენებელ ულტიმატუმს მიიღებს – მათი დაუყოვნებელი გადადგომისა და საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ამ დღეს (25 ნოემბერს) თავად მიხეილ სააკაშვილი ბათუმში იქნება, სადაც პლასიდო დომინგოს მონაწილეობით ოპერის ვარსკვლავების გრანდიოზული კონცერტი ჩატარდება და ყველა სავარაუდო არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება – მაგალითად, ოპოზიციის ღონისძიებების აღკვეთისა და მრავალათასიანი სახალხო შეკრების დარბევის შესახებ – სწორედ ახლად დანიშნულებს, კერძოდ კი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ახლადგამომცხვარ მდივანსა და იმავდროულად, ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეს გიგა ბოკერიას მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ – 19 ნოემბერს თბილისში, კალთბურთის სასახლეში წარმომადგენლობითი სახალხო კრებისა (ლიდერი – მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი) და ნინო ბურჯანაძის პარტიის – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ აქტივი შეიკრიბა, სადაც მათ შეუერთდნენ: ეროვნული ფორუმი (ლიდერი – გუბაზ სანიკიძე), „თეთრების პარტია“ (ლიდერი თემურ შაშიაშვილი) და საზოგადოების წარმომადგენლები (სულ 5.000 კაცი). მათ მიერ მიღებული განცხადების თანახმად, თუ ხელისუფლება 25 ნოემბერს ულტიმატუმის ყველა პირობას არ შეასრულებს, სახალხო კრება, 12.000 დელეგატის სახით, თავისი ელექტორატის სახელით (400.000–ზე მეტი მომხრე) თავად შეუდგება ულტიმატუმში ჩამოთვლილი პუნქტების განხორციელებას.