საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა
სააკაშვილისა და ობამას რიგით პირველი პირისპირ შეხვედრა წუხელ, ლისაბონში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა. ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ორ სახელმწიფოს შორის მტკიცე და ზრდად პარტნიორობაზე, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებსა და სტრატეგიულ ამოცანებზე.
ამასთან, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ობამასა და მის ადმინისტრაციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველი ხალხის სახელით მადლიერება გამოხატა ობამას ადმინისტრაციის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ იმისათვისაც, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების პაკეტი გამოუყვეს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში.