ამის შესახებ „აფხაზეთის ხმის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება. მისი თქმით, პოლიციელები უკმაყოფილებას, ჯერჯერობით, მხოლოდ პირად საუბარში გამოხატავენ, თუმცა, საკითხის პრინციპულად დაყენებას სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობის წინაშე აუცილებლად აპირებენ. „ყველას გაქცევაზე აქვს თვალი, მრავალსაათიანი მორიგეობა გვიწევს და კვების ფულსაც კი არ გვაძლევენ, რა უნდა ვჭამოთ მთელი დღის მანზილზე? აქ რომ საკვებში ფული გადავიხადოთ, ამას მთელი თვის ხელფასი უნდა და მერე რა ვაკეთოთ, რა მივიტანოთ ოჯახში?“, - უთხრა „აფხაზეთის ხმას“ ერტერთმა პოლიციელმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.
სხვადასხვა მონაცემებით, ანაკლიაში, კაზანტიპის ფესტივალზე ათასზე მეტი ძალოვანია მობილიზებული. ისინი პერიმეტრს აკონტროლებენ და დავალებული აქვთ, უწესრიგობის შემთხვევაში ადეკვატურად იმოქმედონ და სიმკაცრე გამოიჩინონ.
მოხარშული სიმინდის ერთი ტარო, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე სანაპიროზე 1-1,5 ლარი ღირდა, სამჯერ გაძვირდა და 5 ლარი ღირს, ამდენივე დაგიჯდებათ ერთი კათხა ლუდი და ნახევარი ლიტრი "კოკა-კოლა", მომცრო ზომის ქართული შოთი პური 3 ლარი ღირს, ერთი ცალი ხინკალი 2, პელმენი კი 1 ლარი. ენერგეტიკული სასმელი 6-8 ლარია, ხოლო კოქტეილის ფასი 20 ლარიდან იწყება. 17-20 ლარი ღირს ასევე ღორის მწვადი შამფურზე, 250 გრამი ჩიფსის ფასი 7 ლარიდან იწყება, ერთი ულუფა ფრი კი 6 ლარია. გაძვირდა სიგარეტიც: წითელი "მალბორო" სავაჭრო ობიექტებში 8 ლარი ღირს, "პარლამენტ ლაითი" და "უინსტონ ლაითი" 6, ხოლო "მაგნა" - 5 ლარი. იყიდება ასევე უფილტრო სიგარეტებიც, რომლის შეძენა 3 ლარი დაგიჯდებათ. სხვათა შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ უფილტრო სიგარეტი იყიდება...