საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„2014 წლის 28 ივლისს დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ “HCBS” ბანკის ინგლისის ოფისში დახურეს საბანკო ანგარიშები (40228434012380; 40228434012380), რომლებზეც განთავსებული ჰქონდათ 276 849,89 გირვანქა სტერლინგი (795 000 ლარი) და გადაიტანეს სხვა საბანკო ანგარიშებზე. ასევე გავრცელდა აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები.
დავით ბაქრაძის მიერ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში დაფიქსირებულ, დავით ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრების ერთობლივ შემოსავალს ბევრად აღემატება გამოქვეყნებულ საბანკო დოკუმენტებში ასახული თანხა. ასევე კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად დეკლარაციებში საერთოდ არ არის მითითებული ინფორმაცია ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშისა და ანაგარიშზე ფულადი თანხის არსებობის შესახებ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე“, - ნათქვამია განცხადებაში.