პოლიტიკა
დოქტორ დოტი: „სააკაშვილი პოლიტიკის როკვარსკვლავია!“

1-polit-3-rokzvezdaსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის   საბიუჯეტო სახსრების 8 მლნ 837 ათას 461 ლარის ოდენობით გაფლანგვის ბრალდების შესახებ, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წაუყენა, ცნობილმა მასაჟისტმა დოქტორ დოტმა საინფორმაციო სააგენტო „პირველისგან“ შეიტყო.

როგორც დოროთი შტეინი (დოქტორ დოტი) იტყობინება, პირველად მიხეილ სააკაშვილს იგი გერმანიაში შეხვდა, ბერლინში მასაჟებს უკეთებდა, რის შემდეგაც იმჟამინდელმა პრეზიდენტმა იგი საქართველოში მოიწვია. „საქართველოში ერთხელ ვიყავი, მასთან ერთად პირადი თვითმფრინავით ჩამოვედი. თავიდან ბათუმში ჩავფრინდით, შემდეგ მანქანით ჩამოვედით თბილისში. ბათუმშიც და თბილისშიც მასაჟებს სახლში ვუკეთებდი. რაც შეეხება გასამრჯელოს, არ მახსოვს, დიდი დრო გავიდა, თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ბევრი არ მომითხოვია. იმიტომ, რომ მის გვერდით ძალიან მხიარულად ვიყავი. ის პოლიტიკის როკვარსკვლავია და ძალიან მომწონდა“, - განუცხადა „პირველს“ დოროთი შტეინმა.

დოროთი შტეინის განცხადებით, მისი მომსახურების საფასური ყველასთვის ერთნაირია: 1 საათი - 150 აშშ დოლარი, 22:00 საათის შემდეგ - 200 დოლარი, შუაღამისას - 250 დოლარი, 02:00 საათის შემდეგ - 300 დოლარი, 04:00-დან 06.00 საათამდე - 350 დოლარი. მისი თქმით, ტარიფები დროის მიხედვით იცვლება.

ცნობისათვის: დოქტორ დოტის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი ოფიციალურად არცერთი მიმართულებით დაფიქსირებული არ არის.