უცხოეთი
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. აღმოსავლეთ უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთიანი კოლონა ვორონეჟიდან რუსეთ-უკრაინის საზღვათან მდებარე ბელგოროდის მიმართულებით დაიძრა, - იტყობინება რუსული მედია თავის კორესპონდენტებზე დაყრდნობით.
280 თეთრი „კამაზისგან“ შემდგარი ავტოკოლონა, რომლის სიგრძემაც თითქმის 3 კმ მიაღწია, ვორონეჟში ღამით შევიდა. იქ მძღოლებმა შეისვენეს და სატვირთო მანქანები საწვავით მოამარაგეს.დღემდე უცნობია, კონკრეტულად რა ტვირთი მოხვდება უკრაინის ტერიტორიაზე.
ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ რუსული ჰუმანიტარული კონვოი თავის ტვირთს უკრაინის საზღვარზე წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცემს, თავად ავტოკოლონა კი უკრაინის ტერიტორიაზე არ შევა.
უწინ ფრანგმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ არსებობს რუსეთის სამხედრო ოპერაციის საშიშროება ჰუმანიტარული ოპერაციის სახით.
ამას წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ნებისმიერი ჩარევა „ჰუმანიტარული“ დახმარების სახით იმ რეგიონების მოსახლეთათვის, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ უკრაინის მთავრობასთან ფორმალური შეთანხმებისა და კიევის შესაბამისი ნებართვის შემდეგ.