"სახალხო კრება" შესაძლო პროვოკაციებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი 25 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე შესაძლო პროვოკაციებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ნონა გაფრინდაშვილმა დღეს გერმანიის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატებს ძალიან უკვირთ ხელისუფლების ქმედება, რომელიც "წარმომადგენლობით სახალხო კრებას" ყველა გზას უკეტავს და ქუჩაში გასვლას აიძულებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ბათიაშვილი. ბურჯანაძის განცხადებით, სახალხო კრება, სპორტის სასახლის ნაცვლად, რუსთაველის გამზირზე ჩატარდება. ამან, შესაძლოა, აქცია ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი გახადოს, ვიდრე დაგეგმილია. ორი დღის წინათ საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრა ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობასთან გამართა.