საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ნატოს სარდლობის ხელმძღვანელს შეხვდა

1sazog-2-Jozefსაქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. ავღანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს სარდლობის ხელმძღვანელს, გენერალ ჯოზეფ დანფორდს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ISAF-ის შტაბ-ბინაში შეხვდა. შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა და გენერალმა დანფორდმა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთოების დეტალებზე და ამ პროცესში ქართველი სამხედროების როლზე ისაუბრეს.

"გენერალ დანფორდთან განვიხილეთ ავღანეთში როგორც პოლიტიკური, ასევე ოპერატიული ვითარება. მიმდინარეობს ჩატარებული არჩევნების აუდიტი და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, თუ ვინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი. ეს საშუალებას მოგვცემს უკვე გავაფორმოთ, როგორც ნატომ, ასევე ორმხრივად ამერიკა გააფორმებს ავღანეთთან შეთანხმებას ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით და დაიწყება სამზადისი პოსტ-ISAF ოპერაციის.

ასევე, ვისაუბრეთ როგორ განვითარდება მოვლენები 2015 წელს და შევთანხმდით, თუ ვისი სარდლობის ქვეშ გააგრძელებენ 2015 წელს ქართველი სამხედროები ავღანეთის და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.