„ახალგაზრდა ადვოკატები“ სარეკომენდაციო წინადადებებით თბილისის ახალ მერს მიმართავს
საქართველო, 8 აგვისტო,
საქინფორმი. ორგანიზაცია
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერიას
დავით ნარმანიას სარეკომენდაციო წინადადებებით მიმართავს და დედაქალაქის წინაშე არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისკენ გადაწყვეტილებების მიღებას გონივრულ ვადაში მოითხოვს. ორგანიზაციამ საკითხები შესწავლისა და ანალიზის შედეგად წამოადგინა და თბილისის ახალ მთავრობას, შემდგომი გაცნობისა და რეაგირების მიზნით, უკვე გადაუგზავნა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ნინო ისაკაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია დედაქალაქის მერიამ ყურადღება დაუთმოს წლების მანძილზე პრობლემად ქცეულ და მოუწესრიგებელ საკითხებს, რომლის მოგვარებაც, მერიის წინა ადმინისტრაციამ, ვერ შეძლო. ორგანიზაცია, ამ მიმართულებით, თბილისის ახალ მერს, დავით ნარმანიას მიმართავს და მოითხოვს: დაიწყოს ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავება , სწრაფი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული თბილისში მიმდინარე მშენებლობების სანებართვო პოლიტიკის მიმართულებით, გადაიხედოს დედაქალაქის მოქმედი სატრანსპორტო პოლიტიკა, გადაიხედოს თბილისის მერიასა და შპს „თბილისის მიკროავტობუსს“ შორის დადებული ხელშეკრულება, გადაიხედოს და გასაჯაროვდეს თბილისის მთავრობასა და კომპანია C.T.PARK-ს შორის დადებული ხელშეკრულება, ამოქმედდეს ახალი რეგულაციები დედაქალაქში ლიფტების მომსახურებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ შექმნას კომისია, რომელიც შეისწავლის დისკრიმინაციისა და პოლიტიკური ნიშნით, 2003-2014 წლებში, თბილისის მერიის დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირთა საქმეებს, თბილისის მერიამ უნდა შეისწავლოს წინა ადმინისტრაციის დროს დაშვებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა - „ბაღების საქმე“ და ა.შ.