პარლამენტში ნარკომომხმარებელთა თემაზე შეხვედრა გაიმართება
პარლამენტში დღეს ნარკომომხმარებელთა მიმართ არსებული საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი გაუძღვება, სადაც მოხსენებას ჩეხეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი ვიცე-სპიკერი ივან ლანგერი წაიკითხავს.
ის საზოგადოებას ჩეხეთის მიერ გატარებულ რეფორმებსა და გამოცდილებას გააცნობს.
ღონისძიება მიზნად ისახავს ნარკომომხმარებელთა მიმართ თანამედროვე, ეფექტური პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებას.
ღონისძიება ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 1000 მოსახლეზე ჰეროინის მომხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.