საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. სასულიერო პირთა ჯგუფი 14 აგვისტოს ანაკლიაში კაზანტიპის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზებას აპირებს.
"14 აგვისტოს ანაკლიაში დაგეგმილია დიდი აქცია. ხალხმა არ იცის კაზანტიპი რას ნიშნავს. მეც უბრალო გართობა მეგონა. შემდეგ, სერიოზულად ჩავიხედე, სერიოზულად წავიკითხე კონსტიტუცია, ვნახე კადრები და გავვოცდი. ეს არის აბსოლუტურად ყველაფრის თავისუფლება, ნარკოტიკის, სექსის, პორნოგრაფიის თავისუფლება. თავიანთი კონსტიტუცია და წესები აქვთ, თავიანთი პრეზიდენტი ჰყავთ, რომელიც იძახის, რომ ჯადოქარი ვარო. ეს ეშმაკზე მსხვერპლშეწირვაა“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ აქციას მშვიდობიანი ხასიათი ექნება.
მუსიკალური პროექტი KaZantip-ი საქართველოში პირველად ჩატარდება - ის ახალ საკურორტო ქალაქ ანაკლიაში 30-დან 30 აგვისტომდე გაიმართება. ქართველ ახალგაზრდობას შორის უკვე შეინიშნება დიდი ინტერესი ამ ღონისძიებისადმი, თუმცა, ამავდროულად „კაზანტიპმა“ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში პროტესტი გამოიწვია.
26 ივლისს მთავრობის სასახლის შენობასთან 200-კაციანი საპროტესტო აქცია გაიმართა. მოგვიანებით, საზოგადოებრიობის სახელით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ქვეყანაში KaZantip-ის გამართვის წინააღმდეგ პეტიცია გაეგზავნა. მის ხელისმომწეთაგან ერთ-ერთი პირველი საზოგადო მოღვაწე ლევან ვასაძე იყო.
მუსიკალური პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოც, რომელმაც აღნიშნა, რომ „მიუღებლად“ მიიჩნევს მის ჩატარებას ქვეყანაში. ქართული ეკლესიის აზრით, ფესტივალის სტუმრებს „მასობრივი ორგიები და გარყვნილი ქმედებები იზიდავს და არა მუსიკა და რაღაც კულტურული ღონისძიება“. საპატრიარქომ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ მათ მიერ აღნიშნული ღონისძების მხარდაჭერა ან მასში მონაწილეობა „ქვეყანასა და ცალკეულ პირებს უმძიმეს შედეგებს მოუტანს“.