სამართალი
შსს: „მოვუწოდებთ ყველა გულშემატკივარს კორექტულობისა და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების პატივისცემისაკენ“

samart-2-prizivსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

მიმდინარე წლის 31 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული - ბაქოს „ნეფჩი“-სა და საჩხერის „ჩიხურა“-ს საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოხდა გასაუბრება აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი საქციელი არ ისახავდა მიზნად არც ერთი მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვას ან შეურაცხყოფას.

ქართული სპორტის ქომაგებმა აღნიშნეს, რომ მომავალში მათი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გააზრებული ყოველი ნაბიჯი, რათა სპორტულ ღონისძიებებზე მათი აქტიურობა არ იქცეს ორ მეგობარ-მეზობელ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მიზეზად.

საფეხბურთო გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, მ. მესხის სახელობის „ლოკომოტივი“-ს სტადიონზე გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა გულშემატკივარს კორექტულობისაკენ და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების პატივისცემისაკენ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება“, - ნათქვამია განცხადებაში.