პრემიერი ღარიბაშვილი: „ვვარაუდობთ, რომ ორ წელიწადში მივიღებთ უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან“
საქართველო, 6 აგვისტო,
საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილის ვარაუდით, ევროკავშირთან უვუზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეები ორ წელიწადში შეძლებენ. ამის შესახებ პრემიერმა დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
"ვვარაუდობთ, რომ ორ წელიწადში მივიღებთ უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან. გამოიწვევს თუ არა ეს ხალხის გადინებას? – ადამიანი მიდის უცხოეთში იმიტომ, რომ პერსპექტივას ვერ ხედავს საკუთარ სახლში, საკუთარ ქვეყანაში. მე ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა წავიდეს ნიჭიერი ახალგაზრდა უცხოეთში, იქ დარჩენის მიზნით, როცა ქვეყანაში აქვს რეალური პერსპექტივები. თუ ჩვენ ადამიანებს აქ შევუქმნით იმის პირობებს, რომ სახლში მოახდინონ უცხოეთში მიღებული ცოდნის გამოყენება და საკუთარი თავის რეალიზება, ამ პრობლემის წინაშე არ დავდგებით. რა თქმა უნდა, ნაწილი მაინც წავა და გეტყვით, რომ ვისაც წასვლა აქვს გადაწყვეტილი, ის მაინც წავა, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება უვიზო რეჟიმი თუ არა", -განაცხადა პრემიერმა.