საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ამერიკის შეერთებული შტატების თანამიმდევრულ დახმარებას სათანადოდ აფასებს ქართველი ერი“

sazog-1-daxmarebasსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას დაბადების დღე მიულოცა.

ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ დაბადების დღე. გისურვებთ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და, რასაკვირველია, წარმატებებს თქვენი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ისე პირად ცხოვრებაში დასახული მიზნების მისაღწევად.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩემი ქვეყნის უდიდესი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად თქვენ მიმართ იმისათვის, რომ განუხრელად უჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. გარწმუნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თანამიმდევრულ დახმარებას სათანადოდ აფასებს ქართველი ერი, ვინაიდან ეს უდიდესი სტიმულია კონსოლიდირებული დემოკრატიის მშენებლობის მიმართულებით.

...მე სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრებს ვაშინგტონსა და ჰააგაში და ვიმედოვნებ, რომ ის დიალოგი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრული კავშირების შემდგომ გაღრმავებას.

ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემაში და გისურვოთ წარმატება თქვენს ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში. დაე, თქვენი ხედვა იყოს მაგალითი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერებისთვის“, - ნათქვამია მილოცვაში.