პრემიერი ღარიბაშვილი: „ვერცერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობას ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი“
საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ვიმედოვნებთ, რომ მხარეები მალე მიაღწევენ თანხმობას და რეგიონში მშვიდობა აღდგება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „ამბასადორიალი 2014“-ის გახსნის შემდეგ, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტება გააკეთა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
„არის ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერი, რომლის გასწორებაც აუცილებელია, რათა მაქსიმალურად გასწორდეს ბალანსი მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის. ვფიქრობ, წლის ბოლომდე გვექნება საბოლოო დოკუმენტი, როგორი უნდა იყოს ქვეყნის მთავარი კანონი“, - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით. „სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო, სრული აბსურდია. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ვერცერთ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობას ვერ გადაწონის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბრალდებულია ძალიან მძიმე დანაშაულებში. განცხადებები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ, დამოუკიდებელმა პროკურატურამ არ უნდა გამოიძიოს წარსულში ჩადენილი დანაშაულები, რომელიც შესაძლოა ჩადენილი იყო უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, ეწინააღმდეგება მთავარ დემოკრატიულ ღირებულებებს და კანონის უზენაესობის პრინციპებს“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.