ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობას მთავრობა არ ამხელს
საქართველოს მთავრობა კვლავაც არ აკონკრეტებს, თუ რა ჯდება ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა. ამ საკითხით პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი დაინტერესდა. მან ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს ჰკითხა, თუ რა თანხა დაიხარჯა მიმდინარე წელს შესაბამისი სამუშაოებისათვის და კონკრეტულად ვინ არის მხარჯველი.
როგორც ბაინდურაშვილმა აღნიშნა, ქუთაისში რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება. მის ფარგლებში არა ერთი სარემონტო სამუშაო ტარდება, მათ შორისაა პარლამენტისა და მთავრობის სახლის მშენებლობა. „ჩვენ შესაბამის თანხას ქუთაისის მუნიციპალიტეტს ვურიცხავთ. მიმდინარე წელს ქუთაისს 30 მილიონი ლარი გადავეცით. დანამდვილებით ვერ გეტყვით, აქედან პარლამენტის, მოედნებისა თუ ასე შემდეგ ობიექტების მშენებლობას რამდენი მოხმარდა. კონკრეტული თანხა უშუალოდ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა იყოს გაწერილი“, - აღნიშნა კახა ბაინდურაშვილმა.