რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „მზის ჩასვლა ჰემპტონში“, ანუ როგორ ურევს კვალს გაქცეული დამნაშავე სააკაშვილი

1-polit-1-redaq-1-mzeსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. 2014 წლის 29 ივლისს საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, იმავე დღეს, როცა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა მრავალ სისხლის სამართლის დანაშაულში, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა „რომანტიკული ფოტო“, რომელსაც უწოდა „მზის ჩასვლა ჰემპტონში“. ნუთუ განდიდების მანიით შეპყრობილმა სააკაშვილმა, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ის მსგავსად, რომელიც ცნობილი იყო როგორც „მეფე-მზე“, ასევე გაუტოლა თავი მზეს და ქარაგმულად მიანიშნა თავისი კარიერის დაისზე სამშობლოში „დევნის“ გამო?

არა, საქმე გაცილებით პროზაულადაა, ვიდრე პირველი ასოციაციები ფოტოსურათისგან: გაქცეული სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილი, რომელიც ერთი დღით ადრე (2014 წლის 28 ივლისს) არ გამოცხადდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე (რომელმაც, თავის მხრივ, დაუსწრებლად წარუდგინა სასამართლოს შუამდგომლობა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე) სპეციალურად ურევს კვალს! „მე არავისი არ მეშინია, მაგრამ რომც მინდოდეს, 24 საათში ვერ შევძლებდი თბილისში დაკითხვაზე გამოცხადებას, იმიტომ, რომ ამერიკაში  ვარ!“ - აცხადებს ამით სააკაშვილი, თუმცა, ამასთან, არ აზუსტებს - კონკრეტულად სად, რადგან აშშ-ში არსებობს სამი ქალაქი ჰემპტონი (Hampton) - ნიუ იორკის, ვირჯინიისა და არკანზასის შტატებში.

მიზანი დროის მოგებაა: ბრალდებების გაცნობის შემდეგ, რომლებიც მის ადვოკატ ოთარ კახიძეს თბილისში გადასცეს და რომლებსაც ის სააკაშვილს ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნის „ჰემპტონში“, სააკაშვილი პასუხს მოიფიქრებს თითოეულ მათგანზე და შაბათს, 2014 წლის 2 აგვისტოს, 22:00 საათზე ბრალდებებს უპასუხებს ქართულ ტელეარხზე - თავის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის გადამღები ჯგუფიც უკვე გამოიძახა აშშ-ში.

სააკაშვილის „ისტორიული“ ტელეინტერვიუ უკვე მეორე დღეა - 29 ივლისის საღამოდან - ანონსდება „რუსთავი 2“-ზე, მაგრამ იგი, როგორც ყოველთვის, ისტორიული კი არა, ისტერიული იქნება, თუმცა საბაბს მისცემს აშშ-ს, კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება „პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და ექსპრეზიდენტზე ზეწოლაში, რომელმაც საჯაროდ - ტელევიზიით! - ამომწურავად უპასუხა ქართული მართლმსაჯულების ყველა კითხვას, რასთან დაკავშირებითაც შემდგომში სააკაშვილის მოცდენა აშშ-ში პედაგოგიური მოღვაწეობიდან საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე გამოძახებებით აღმაშფოთებელია!“.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 31 ივლისი
საქართველო, თბილისი