სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით პარლამენტში იმსჯელებენ
სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ. სხდომა მედიასაშუალებებისათვის დახურული იქნება.
"ჩვენი ამოცანა სოჭში ოლიმპიადის ჩატარების ჩაშლა არ არის. ჩვენი მიზანია, ეს ოლიმპიადა ოლიმპიური ქარტიის სულისკვეთებასა და საერთაშორისო ნორმებს შეესაბამებოდეს, რაც დისკრიმინაციის, ადამიანის უფლებების დაცვის თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით არსებულ რეალურ სურათს საერთოდ გამორიცხავს," - აცხადებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელი შოთა მალაშხია. პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას, დეპუტატების გარდა, საგარეო საქმეთა, სპორტის, დიასპორისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლებიც მიიღებენ.