პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას პირისპირ შეხვედრა ლისაბონში დღეს საღამოს გაიმართება

lisსაქართველოს პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის - ბარაკ ობამას პირისპირ შეხვედრა ლისაბონში დღეს გაიმართება. შეხვედრა პრესისთვის დახურული იქნება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება. თეთრი სახლის მიერ პრესისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ლისაბონში დღეს ჩავა, მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტში და შეეცდება რუსეთთან ალიანსის ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ბარაკ ობამა აეროპორტიდან პორტუგალიაში აშშ-ის საელჩოში გაემგზავრება და საელჩოს თანამშრომლებს შეხვდება. შემდეგ ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს პორტუგალიის პრეზიდენტ კავაკა სილვასთან, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.
ობამა, ასევე, შეხვდება პორტუგალიის პრემიერ-მინიტრ ჟოზე სოკრატეშს. ეს შეხვედრაც პრესასთან განცხადებებით დასრულდება. სწორედ ამის შემდეგ შეხვდება ობამა საქართველოს პრეზიდენტს.
ლისაბონში დაგეგმილია, ასევე, ობამას პირისპირ შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან.
პრეზიდენტ ობამასთან ერთად, ნატოს სამიტში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თავდაცვის მინიტრის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი.
ამ სამიტს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა ნატოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა.
სამიტის მთავარი საკითხი, 2014 წლამდე ავღანეთში ნატოს ოპერაციის დასრულების გეგმები იქნება. ნატოს წევრი ქვეყნები შეეცდებიან, ალიანსის მომავალი განვითარების ახალი სტრატეგიული კონცეფცია შეიმუშავონ. ისინი იმსეჯელებენ უახლოესი ათწლეულის საფრთხეების შესაბამის თავდაცვით საშუალებებზეც.
სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი. იგი ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება. რუსეთის პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ პირველად მიიღებს ნატოს სამიტში მონაწილეობას. მასთან მუშაობის ერთ-ერთი მთავარი თემა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთობლივი სისტემების შექმნის საკითხი იქნება.
ლისაბონის სამიტზე 20 ნოემბერს იგეგმება ავღანეთის პრეზიდენტის - ჰამიდ კარზაის გამოსვლა. მას სურს, რომ ნატომ ავღანეთზე კონტროლი ქვეყნის ხელისუფლებას 2014 წლის ბოლოსთვის გადასცეს.
ლისაბონის სამიტი ორდღიანია და მუშაობას ხვალ დაასრულებს.