საზოგადოება
საქართველოს ეკლესია სომხური ეკლესიის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტს გმობს - საპატრიარქოს განცხადება

1anaforshiki-saz2-religსაქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ა.წ. 22 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსს საქართველოში, ვაზგენ მირზახანიანს შორის.
შეხვედრა ეხებოდა თბილისში სომხური ეკლესიის მიმდებარედ 20 ივლისს მომხდარ ფაქტს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოიშვა და არ ატარებს რელიგიურ და ეთნიკურ ხასიათს, რასაც თითქმის ყველა არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იზიარებენ. თუმცა არიან ერთეული გამონაკლისები, რომლებიც არასწორ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რაც სამწუხაროა.
საქართველოს ეკლესია გმობს აღნიშნულ ინციდენტს და დაპირისპირებაში მონაწილეთ სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. ამასთან იგი, როგორც ყოველთვის, შეეცდება ხელი შეუწყოს პრობლემების მოგვარებას და ქვეყანაში არსებული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთა მშვიდობიან თანაცხოვრებას”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.