პუბლიკაციები
მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე: “არც პრემიერ-მინისტრსა და არც იმ მინისტრებს, რომლებსაც საკადრო ცვლილება არ ეხებათ, უფლებამოსილება არ უწყდებათ!”

1lisii-saz2საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ასე პასუხობს კონსტიტუციონალისტების ნაწილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების გამო ირაკლი ღარიბაშვილი და მთლიანი მთავრობა მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.  როგორც თადუმაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ყველა კანონში ცალსახად წერია, რომ მთავრობის ფორმირებას ახდენს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის განახლების შემთხვევაში კი მას უფლებამოსილება არ უწყდება - კანონში წერია, რომ პრემიერ-მინისტრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არის მთავრობის განახლება. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი აყალიბებს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და ამ შემადგენლობას პრეზიდენტი წარადგენს პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად. ეს ცალსახად წერია როგორც კონსტიტუციაში, ისე საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში. ამიტომ მე არ ვიცი, რა მუხლებს ეყრდნობა ზოგიერთი კონსტიტუციონალისტი, როცა აცხადებს, რომ ავტომატურად უწყდება მთავრობას უფლებამოსილება და პრეზიდენტი ახდენს მთავრობის ფორმირებას. ასეთი მუხლები საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
"მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში არის ყველა ის საფუძველი, რა საფუძველზეც მინისტრს და პრემიერ-მინისტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება და ამ საფუძვლებში არ არის ჩამოთვლილი შემთხვევა, როცა მთავრობის შემადგენლობაში ხდება განახლება. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს, რომლებსაც არ ეხება საკადრო ცვლილება, უფლებამოსილება არ უწყდება. ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრი სრული უფლებამოსილებით და ის მინისტრებიც, რომლებსაც არ ეხებათ ცვლილება, არიან მინისტრები სრული უფლებამოსილებით", - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.