პოლიტიკა
9 ივლისს, პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, გაიმართა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზ. აბაშიძის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გ. კარასი

1-flagenfleug-pol2საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. მხარეებმა განხილეს აღნიშნულ ფორმატში დღის წესრიგით შეთანხმებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურული საკითხები. აღინიშნა, რომ 2012 წლის ბოლოდან დაწყებულმა ორმხრივმა არაფორმალურმა დიალოგმა გარკვეული პრაქტიკული შედეგები გამოიღო ამ მიმართულებით. მოიხსნა ბარიერები სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობებში, სავაჭრო ბრუნვა გასული წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა. ამ ტენდენციის შენარჩუნებას ხელი უნდა შეუწყოს დარიალის ხეობაში საგზაო მიმოსვლის განახლებამ; სტიქიური მოვლენების შედეგების აღმოფხვრაში ქართულ მხარეს შესაბამისმა რუსულმა სტრუქტურებმაც აღმოუჩინეს მხარდაჭერა.

შეხვედრაზე გაიმართა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების თაობაზეც. კერძოდ, თუ რამდენად შეიძლება მოახდინოს  შეთანხმებამ გავლენა ქართულ-რუსულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ზ. აბაშიძემ კვლავ დაადასტურა პოზიცია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება არანაირად არ უშლის ხელს ნორმალური, ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას  რუსეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. დადებითად შეფასდა 7 ივლისს, პრაღაში, სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე გამართული საინფორმაციო-საექსპერტო შეხვედრა, რომელზეც განხორციელდა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.

რუსეთის მხარის წინადადებით, 15 სექტემბრიდან აღდგება ავიარეისები, ამ ეტაპზე თბილისსა და მოსკოვს შორის.  აღინიშნა, რომ ფართოვდება საგზაო-სატვირთო და საავტომობილო მიმოსვლა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მნიშვნელობას და ამ ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობას. მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ ოქტომბერში გაიმართება.