საქართველო, 10 ივლისი,
საქინფორმი. კოალიცია
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა
დავით ნარმანიამ, ახალგაზრდებთან ერთად, თბილისელებს წინასაარჩევნო ბუკლეტები დაურიგა
(ვიდეო იხილეთ აქ). ბუკლეტი მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ 2013- 2014 წლებში შესრულებულ იმ პროექტებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს არ განხორციელებულა, ან ფინანსდებოდა ნაკლები თანხით. მათ შორისაა:
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაზღვეულია 2 353 072 მოქალაქე, 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, რომელიც 2014 წლის ბოლომდე დასრულდება, C ჰეპატიტის პროგრამა, რომლითაც დაავადებული პირები მედიკამენტებზე 60%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ, სოფლის ექიმის პროგრამა, რომლითაც გაიზარდა ექიმის და ექთნის ხელფასები. ასევე 600-დან 1000 ლარამდეა გაზრდილი დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარით ფინანსდება და სხვა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის გარდა, ბუკლეტში დეტალურად არის მოცემული სხვა სფეროებში განხორციელებული პროექტების შედარებითი სტატისტიკა (ვრცლად იხილეთ აქ). დავით ნარმანიას თქმით, აქცია მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.