საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ–იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე 26 სექტემბერს წარსდგება, ხოლო პრემიერ–მინისტრის მეუღლე მიწვეულია მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე
1-pankimuntan-saz1საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. უკვე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან პან კი მუნთან.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სპეციალურ სესიაზე მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხზე. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება სამიტს კლიმატის ცვლილებების შესახებ და პლენარულ სხდომას „World conference on Indigenous People”.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრის მეუღლე მიწვეულია მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე „First Ladies’ Global Call to Action Conference on Women and Girls’ Financial Health“. ნიუ–იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი 23 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული კინოფესტივალის გახსნის ცერემონიასაც დაესწრება და სიტყვით გამოვა.
ნიუ–იორკში საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 2014 წლის 22 სექტემბერს გაემგზავრება.