პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო. გიორგი მარგველაშვილმა პირადად მიუსამძიმრა საქართველოს მეორე პრეზიდენტის ოჯახს და მას თანადგომა აღუთქვა

1-shevardeni-pol3საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბატონი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო. ბატონმა ედუარდმა რთული და მრავალფეროვანი პოლიტიკური ცხოვრება განვლო. მისი სახელი ბოლო ათწლეულების საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის მრავალ საკვანძო მოვლენას უკავშირდება. ედუარდ შევარდნაძემ მკაცრი პოლიტიკური რეჟიმის პირობებშიც კი, მართვის არაორდინალური სტილით,  გამორჩეული და თვითმყოფადი პოლიტიკოსის რეპუტაცია მოიპოვა.
სწორედ ამის გამო, მას უმნიშვნელოვანესი როლი ხვდა წილად პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც „გარდაქმნის“ სახელითაა ცნობილი. უპირველეს ყოვლისა, ედუარდ შევარდნაძეს მსოფლიოში გაიხსენებენ „ცივი ომის“ დასრულების, „ბოროტების იმპერიის“ დაშლისა და ბერლინის კედლის დანგრევის ერთ-ერთ ავტორს. ამ პროცესით მან მშვიდობიანი განვითარების ახალი შანსი მოუტანა მსოფლიოს. მისი პრეზიდენტობის დროს დამოუკიდებელმა საქართველომ პირველად გამოაცხადა ქვეყნის უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანად ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის უმთავრეს საფუძვლად აღიარა დასავლურ ფასეულობათა უზენაესობა.
გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ედუარდ შევარდნაძის ოჯახს, მის ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას”.
გიორგი მარგველაშვილი