პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სამთავრობო კომისიის სხდომა გამართა

1-random-pol1საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გამოსვენება 13 ივლისს 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება. ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საერთაშორისო დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. ყველა სხვა საკითხს კომისია ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვეტს.

სამთავრობო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.