საზოგადოება
სააკაშვილი: „ყველამ პატივი უნდა მივაგოთ საქართველოს მეორე პრეზიდენტის ხსოვნას!"

1-Fourou-saz2საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი.
„მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალება მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ედუარდ შევარდნაძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწე საბჭოთა იმპერიის დაშლის სტადიაზე და პოსტ-საბჭოთა საქართველოს ძალიან რთულ და დრამატულ პერიოდში, რომლის ისტორიაში ადგილის უფრო ზუსტ შეფასებაზე, ისტორიკოსებს კიდევ დიდხანს მოუწევთ მუშაობა.

 

2003 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, საზოგადოების ნაწილის და ბევრი პოლიტიკოსის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მის სისხლის სამართლებრივ დევნაზე კატეგორიული უარი ვთქვით, პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემითა და ქვეყნის ცივილიზებული იმიჯისთვის. უფრო მეტიც, ჩემი განკარგულებით მას შეუნარჩუნდა სახელმწიფო რეზიდენცია და პრეზიდენტის სხვა პრივილეგიები, ვფიქრობ, ეს სწორი იყო. ამ აზრზე ვრჩები მას შემდეგაც კი, რაც თავად პრეზიდენტი შევარდნაძე პრესის საშუალებით მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს დღევანდელ მთავრობას, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს, ჩემი და ჩემი მომხრეების დაპატიმრებისა და დევნისკენ.
დღეს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გვერდით, არის ქვეყნის მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის კუთხეც.

მიუხედავად სხვადასხვა ადამიანების განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა, როგორც საქართველოს შვილები ვალდებული ვართ სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს მეორე პრეზიდენტის ხსოვნას.
ღმერთმა გაანათლოს მისი სული!“ - წერს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის “Facebook” - გვერდზე.

1-blanket-saz2-qvem