შეწყალების კომისია დღეს სხდომას გამართავს
23 ნოემბრისთვის შესაწყალებელ პატიმრებზე შეწყალების კომისია დღეს იმსჯელებს. კომისიის წევრებს 236 პატიმრის საქმის განხილვა მოუწევთ, მათგან 51 ქალია, 10 კი სასჯელს არასრულწლოვანთა კოლონიაში იხდის.
ჯერჯერობით უცნობია, მათგან რამდენი მიიღებს დადებით რეკომენდაციას.
როგორც კომისიაში აცხადებენ, შესაწყალებელთა საქმეები საკმაოდ მძიმეა. მათ შორის არიან პატიმრები, რომლებიც სასჯელს მკვლელობისა და ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით იხდიან. თუმცა კომისიაში ამბობენ, რომ ბრალის სიმძიმე გადაწყვეტილების მიღებისას შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი არ იქნება.
სახალხო დამცველის - გიორგი ტუღუშის განცხადებით, კომისია მხედველობაში მიიღებს როგორც მათ ოჯახებში არსებულ მდგომარეობას, ისე პატიმრების ჯანმრთელობასა და მათთან დაკავშირებულ პრობლემებს.
იმ პატიმართა სია, რომლებიც კომისიის დადებით რეკომენდაციებს მიიღებენ, დღესვე საქართველოს პრეზიდენტთან გაიგზავნება. პრეზიდენტი პატიმრების გათავისუფლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.