წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა რეგიონული კონფერენცია დღეს თელავში გაიმართება
შეხვედრაში ''კრების'' საინიციატივო ჯგუფის წევრები, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" თავმჯდომარე ეკა ბესელია და სხვა მიწვეული სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ საქინფორმს ნინო ბურჯანაძის პრესამსახურის უფროსმა ხათუნა ივანიშვილმა აცნობა.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს ფილარმონიაში ''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' მოსამზადებელი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო კომიტეტების ჩამოყალიბებას, მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით რეგიონული შეკრებების ჩატარებას, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს, კრების დელეგატთა და მომხრეთა მობილიზაციასა და რეგისტრაციას ითვალისწინებს. რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა ბათუმში, მცხეთაში, ქუთაისში, გორსა და ზუგდიდში.