საზოგადოება
დღეს დილით თბილისის ექსმერი გიგი უგულავა დააკავეს

1-eqsmeri-saz3საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ წევრ გიგა ბოკერიასთან ერთად კიევში, მიხეილ სააკაშვილთან მიფრინავდა.

 გამომძიებლებმა უგულავას აეროპორტშივე გააცნეს ბრალი - უკანონო თანხების ლეგალიზება. ამ დროისათვის ყოფილი მერი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება.

თავად უგულავას განცხადებით, იგი იმიტომ დააკავეს, რომ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს „თავს არ უხრის“ და არც არასოდეს დაუხრის.

გიგა ბოკერიას განცხადებით კი მმართველი გუნდი ივანიშვილის პოლიტიკური მონაა და მის ყველა კაპრიზს ასრულებს, თუმცა ამით ოპოზიციას ვერ გააჩუმებს.
დედაქალაქის ყოფილი მერის ადვოკატი გიორგი გელხაურის განცხადებით, რომელიც მან მოდულის შენობიდან გამოსვლისას გააკეთა, ამ დროისათვის გიგი უგულავას ბრალი წაყენებული არ აქვს, ხოლო დაცვის მხარეს არ გადასცემია არანაირი საქმის მასალები.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ფაქტზე გიგი უგულავას ბრალი წარედგინა.