რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „მერფის კანონი“ - ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების შემდეგ საქართველოს დიდი უსიამოვნებები ელის...

1-Arn001-pol1-red1georusცნობისათვის: „მერფის კანონი“ (ინგლ. Murphy’s Law) ფილოსოფიური პრინციპია, რომელიც ნიშნავს: „თუკი არსებობს რაიმე უსიამოვნების მოხდენის თუნდაც ერთი ალბათობა, მაშინ ის აუცილებლად მოხდება“. 1949 წელს, კალიფორნიაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა ედვარდსზე თვითმფრინავის ავარიის მიზეზებს იკვლევდნენ. ბაზაზე მომსახურე მაიორი ედვარდ მერფი (ინგლ. Edward Murphy) იმხანად ინჟინრად მუშაობდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პროექტ MX981-ზე. ერთ-ერთი ლაბორატორიის ტექნიკოსების სამუშაოს შეფასებისას იგი ირწმუნებოდა, რომ თუკი შესაძლებელია რაიმეს არასწორად გაკეთება, ეს ტექნიკოსები სწორედ ამას მოიმოქმედებენ. ლეგენდის მიხედვით, ფრაზა - „თუ არსებობს რაიმეს გაკეთების ორი ხერხი და ერთ-ერთ მათგანს უცილობელი კატასტროფისკენ მივყავართ, ვიღაც ყოველთვის ამოირჩევს სწორედ ამ ხერხს!“ - თქვა მან პირველად იმ მომენტში, როცა დაქოქილი თვითმფრინავის ძრავმა პროპელერი... საწინააღმდეგო მიმართულებით აამუშავა! როგორც შემდეგ გაირკვა, ტექნიკოსებმა დეტალი უკუღმა დააყენეს...
საქართველოს, მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ბევრჯერ შეემთხვა „ყველაზე დიდი უსიამოვნება“, როცა მისი მმართველები ყველაფერს უკუღმა აკეთებდნენ და არსებულიდან ყველაზე უარეს ვარიანტს ირჩევდნენ - საქართველოს მომავალს არა მეზობლებთან - კავკასიის ქვეყნებთან და რუსეთთან, არამედ შორეულ და უცხო ქვეყნებთან აკავშირებდნენ...

აფხაზეთის სახელოვანი შვილი ფაზილ ისკანდერი თავის შედევრში „ბოცვრები და მახრჩობელები“ ბოცვრებს ორ კატეგორიად ჰყოფს - „სუფრასთან დაშვებულები“ და „სუფრასთან დაშვებისკენ მიმსწრაფველნი“. საქართველოს „სუფრასთან“ არ დაუშვებენ - აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროზუმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, შეთანხმებულებივით, ერთიმეორის მიყოლებით ახლახან განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ნატოსა და ევროკავშირის წევრობა მას არ ელის. ამიტომ საქართველომ, რომელმაც 2014 წლის 27 ივნისს ხელი ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულებას მოაწერა, „ბოცვრის“ სტატუსი, რომელიც სუფრაზე დაშვებისკენ მიისწრაფვის“ მიიღო - ანუ, მხოლოდ ვალდებულებები უფლებების გარეშე, რაც საქართველოს მიერ მის დარჩენილ დამოუკიდებლობაზე ნებაყოფლობითი უარის მეორე, ახლა უკვე საბოლოო აქტს წარმოადგენს.

თუკი ასეთი პირველი აქტით - აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე 2010 წლის 10 იანვარს ხელმოწერით - საქართველომ უარი თქვა უფლებაზე, დამოუკიდებლად აერჩია საგარეო პოლიტიკური კურსი, ახლა, ევროკავშირთან შეთანხმებაში მითითებული ყველა პარამეტრით ასოცირებისთვის, საქართველომ უარი თქვა დამოუკიდებლობაზე საშინაო პოლიტიკაშიც: ეკონომიკის პრიორიტეტები, ფისკალური პოლიტიკა, სასამართლო და ინსტიტუციური რეფორმები, არასამთავრობო სექტორი - ამიერიდან ინსტრუქციები, ვაშინგტონის გარდა, ბრიუსელიდანაც უკვე მოდის!

ამგვარად, ევროკავშირმა დე-იურე გააფორმა “ნასყიდობა“ „ეგზალტირებული აბორიგენებით დასახლებულ ტერიტორიაზე, რომლებსაც დემოკრატია უნდა აიძულო“, თუმცა, საქართველოს, ასევე უკრაინისა და მოლდოვას დაპყრობით მან მხოლოდ გადაივადა თავისი აღსასრული. ისტორია სინუსოიდურად ვითარდება - სსრკ-ს დამშლელ დასავლეთს, რომელიც აულაგმავ კონსიუმერიზმსა და ფსევდოლიბერალურ ღირებულებებში ჩაეფლო, დღეს საკადრისი მიეზღვევა და სწრაფად მიექანება დაღმა: ევროკავშირი, განსაკუთრებით ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, - დაშლის ზღვარზეა, აშშ კი შეუჩერებლად მიექანება დეფოლტის უფსკრულისკენ ნავთობდოლარის ეპოქის დასასრულისა და 17-ტრილიონიანი საგარეო ვალის გამო (ვიმედოვნებ, ეს უფრო მალე მოხდება, ვიდრე ქართველები სრულად ეზიარებიან „დასავლურ ღირებულებებს“ და ქართულ ქორწილებში თამადა, მეფე და პატარძალი ერთი სქესისა იქნებიან...).

საქართველოს სურვილი, ასოცირდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, მას ერთმნიშვნელოვნად მოუტანს დიდ პრობლემებს, რომლებიც ჩამოთვლილია ჩემს 2014 წლის 26 მაისის ინტერვიუში, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ „ევროსიკეთეების“, რომლებსაც „ევროქართველები“ მიიღებენ. „დასავლეთი საქართველოსთვის - დახურულ კარს მიღმა უცნობი რამეა, რუსეთს კი, კარგსაც და ცუდსაც, თქვენ დიდი ხანია იცნობთ!“ - მითხრა ნიკიტა მიხალკოვმა 2011 წლის 22 ნოემბერს ასტანაში და ის ცამდე მართალი იყო. ევროკავშირსა და ნატოს წევრობაზე ოცნება სნობიზმი და პროვინციალიზმია, როცა რუსეთი, ჩინეთი და მათი პარტნიორები გაცილებით პერსპექტიულ გაერთიანებებს ქმნიან, რომელთაგან ერთ-ერთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირია (ЕАЭС). მაგრამ საქართველოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის პერსპექტივები არ გააჩნია, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, წინას მსგავსად, ამ პერსპექტივაზე კატეგორიულად უარი განაცხადა - საგარეო პოლიტიკური ვექტორის არჩევის უფლება, როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს მიერ ვაშინგტონშია დელეგირებული, ამიტომ მის ხელმძღვანელობას არავინ არაფერს ეკითხება (ასე მოუვა ყველა ხელმძღვანელობას საქართველოში, რომელიც ხელისუფლების სათავეში აშშ-ის წყალობით მოვა).

რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მათი ოკუპირებულად მიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ საქართველოს ოფიციალურად აშშ-ის მიერ ოკუპირებულად ვაღიარებთ. იურიდიულად რუსეთის ოკუპანტად მიჩნევის საფუძველი არ არსებობს - მას იქ არ ჩაუსახლებია რუსეთის მოქალაქები, არ მიუერთებია ეს ტერიტორიები, არ გაუგზავნია იქ კრემლში რუსებით დაკომპლექტებული მთავრობა და ხელიც არ შეუწყვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების პროცესისთვის (პირიქით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავად შეაჩერა ეს პროცესი). რუსეთის სამხედრო ბაზები იქიდან გავლენ, თუკი აფხაზები და ოსები (რომლებიც ასევე „არ არიან იქ სტუმრები“), ეტყვიან: „დიდი მადლობა ყველაფრისათვის, მაგრამ მეტად აღარ გვჭირდებით!“ თუმცა ამისათვის ისინი „ჩვენს აფხაზი და ოსი ძმებისადმი“ მაღალფარდოვანი მიმართვით კი არ უნდა გაეღიზიანებინათ ბრიუსელის ტრიბუნებიდან, არამედ ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ხელმოწერამდე უნდა დალაპარაკებოდნენ, რასაც ოფიციალური თბილისი არ და ვერ გააკეთებს, რადგან ამაზე თეთრი სახლის სანქცია არ აქვს და სპეციალურად არაფრისმაქნისი ხალხია შერჩეული, ისეთები, როგორიცაა, „შერიგების მინისტრი“ ზაქარეიშვილი, რომელიც საკუთარ თავს სააკაშვილზე უარესი ანტირუსული გამოხდომების უფლებას აძლევს და აცხადებს, რომ “რუსეთთან მიმართებაში სააკაშვილი მართალი იყო“.

საქართველო არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას, აფხაზები და ოსები თავის დამოუკიდებლობას არ თმობენ და საქართველოსგან  ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ითხოვენ მათთან, როგორც საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიან სუბიექტებთან, საქართველო კი მზადაა, ამ შეთანხმებას მხოლოდ რუსეთთან მოაწეროს ხელი, რომელიც ამას უარობს, რადგან კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს, თუმცა მის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების უკან გაწვევასაც არ აპირებს. და კიდევ - საქართველო მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირისკენ, სადაც აფხაზებსა და ოსებს ყოფნა არ სურთ!

რაც შეეხება საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ერთიან საბაჟო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო სივრცეში, ანუ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებას რუსეთთან ერთად ჩემი უკვე არაქტუალური ფორმულით „საქართველო + რუსეთი = საქართველო + აფხაზეთი + სამხრეთ ოსეთი“, ეს, პირველსაწყისში მათ გაერთიანებას გულისხმობს და არა აღიარების უკან გაწვევას. თუმცა პოლიტიკურ პროცესებს დინამიკაში უნდა უყურო - გერმანია გაერთიანებას 45 წელი ელოდა, ამიტომ არასოდეს  უნდა თქვა „არასოდეს“. „ესეც გაივლის“ - თქვა სოლომონმა, მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობის დღევანდელი პოლიტიკით ჩვენ დღითიდღე მხოლოდ ვშორდებით ერთმანეთს, განსაკუთრებით ახალგაზრდობა...
როგორ დავაღწიოთ თავი ამ მოჯადოებულ წრეს?

პირველი - საქართველოს პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს პარლამენტი (საქართველოში ხომ საპარლამენტო მმართველობის მოდელია!). საქართველოს ახალი პრეზიდენტის სახელი არ უნდა ასოცირდებოდეს გადატრიალებებთან, რევოლუციებსა და ომებთან. ის უნდა სარგებლობდეს ავტორიტეტით ქართველ საზოგადოებაში, მასზე დადებითი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ აფხაზებსა და ოსებს, მას უნდა იცნობდნენ რუსეთში. საქართველოს ახალი პრეზიდენტი უნდა გამოირჩეოდეს კომუნიკაბელობით, დიპლომატიურობით, მაღალი ინტელექტითა და ჭეშმარიტი პატრიოტიზმით, უნდა იყოს მისაღები და პატივსაცემი ფიგურა ყველა მხარისთვის.

მეორე - მოსკოვთან, სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთოებები სახელმწიფო პოლიტიკის რანგში უნდა იქნას აყვანილი. უნდა დაევალოს საქართველოს ახალ პრეზიდენტს ქართულ-აფხაზურ-ოსური დარეგულირება და რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში.

მესამე - საქართველოში უნდა ჩატარდეს საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი, სადაც დაისმება ორი კითხვა: „გსურთ, რომ საქართველოს ნატოს წევრი გახდეს?“, „გსურთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს?“ (მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პერსპექტივა საქართველოს ჯერჯერობით არა აქვს - იხ. დასაწყისში). შეგახსენებთ, რომ მხოლოდ პირველ საკითხზე 2008 წლის 5 იანვარს სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაატარა არა რეფერენდუმი, არამედ პლებისციტი, „ეგზიტპოლის“ ტიპის გამოკითხვა, ამასთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პლებისციტიც არ ჩაუტარებიათ, თუმცა გამუდმებით აღნიშნავდნენ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა, ხოლო აფხაზები და ოსები მისი მოქალაქეები.

მეოთხე - ჩატარდეს უკიდურესად დისკრედიტებული საქართველოს პარლამენტის ვადამდელი არჩევნები, რომელიც მომავალში ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

მეხუთე - გამოყვანილ იქნეს ქართული კონტინგენტი ავღანეთიდან, სადაც ჩვენ 2014 წლის შემდეგ, პოსტISAFურ პერიოდშიც ვაპირებთ დარჩენას, და უარი ითქვას NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობაზე 2015 წლიდან და უკან იქნენ გაწვეული ახლახან აფრიკაში გაგზავნილი ქართველი სამხედროები ევროკავშირის „სამშვიდობო“ მისიაში მონაწილეობისთვის.

მეექვსე: გაუქმდეს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რის გარეშეც შეუძლებელია სავიზო რეჟიმის გაუქმება და დიპურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, ასევე გაუქმდეს „თავისუფლების ქარტია“ და „პატრიოტის აქტი“.

მეშვიდე - გაუქმდეს პარლამენტის დადგენილება და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები ჩერქეზების, ჩეჩნების, ინგუშების გენოციდის აღიარების შესახებ, დაიხუროს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი თბილისში და ჩერქეზების გენოციდის ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი ანაკლიაში. ქართველ ხალხს არასოდეს ეყოლება უფრო ახლობელი ხალხი, ვიდრე მართლმადიდებელი რუსია, ისევე, როგორც მართლმადიდებელ რუს ხალხს არ ეყოლება იმაზე ახლობელი ხალხი, ვიდრე ქართველია! თუმცა ეს საქართველოს ყველა პატრიოტმა ყოველდღე უნდა გაიხსენოს, აშშ-ის ხელდასხმულ სააკაშვილს ხომ მისი 9-წლიანი მმართველობის განმავლობაში ჰამელნელი ვირთხაჭერიასავით, საპირისპირო მხარეს მიჰყავდა მოჯადოებული ქართველები (სხვათა შორის, ურიგო არ იქნებოდა ამაზე პრაგმატული რუსეთის ხელმძღვანელობაც დაფიქრებულიყო)…

1-selfie-pol1-red1Geo

დღეს კი ხდება შემდეგი: ამერიკელებმა საქართველოში ხელისუფლების თავისი მსგავსი ორპოლუსიანი ორპარტიული სისტემა შექმნეს - საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, „პოზიცია“ და „ოპოზიცია“, რომლის არსებობის პირობებში მთელი დანარჩენი არასაპარლამენტო (ე.წ. ქუჩის) ოპოზიცია იგნორირებულია და არ მონაწილეობს სახელმწიფოს მართვაში (მხოლოდ უმნიშვნელოდ არის წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში - ქალაქის საკრებულოებში, 15 ივნისის არჩევნების შედეგად). ახლა ხელისუფლების სათავეში მყოფი, ოთხი პარტიისგან შემდგარი კოალიცია „ქართული ოცნებაა“, რომელიც დაშვებული შეცდომების გამო თავის ბოლო დღეებს ითვლის. ამერიკელი პოლიტტექნოლოგების ჩანაფიქრით, ის ექს-მმართველმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა შეცვალოს, რომელიც დაშლილ კოალიციაში შემავალი პარტიებით კოალიციურ მთავრობას შექმნის, სადაც „ამერიკელები“, მაგალითად თავდაცვის მინისტრი ალასანია, მისი ცოლისდა - საგარეო საქმეთა მინისტრი დალი ფანჯიკიძე, ევროატლანტიკური ორიენტაციის არაევროატლანტიკურად მსმელი მინისტრი პეტრიოტიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი თავისი რესპუბლიკელი ცოლითა და პრეზიდენტი მარგველაშვილი (უცოლოდ) ან შეინარჩუნებენ თავის თანამდებობებს, ანდა სხვა მაღალ პოსტებზე გადაინაცვლებენ.

ამგვარად, საქართველოში დარჩება ორი პარტია - „ქართული ოცნება“ სუფთა სახით და „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო ამერიკული კლონი უსუფაშვილის ქანქარასავით დროდადრო ხან ერთ, ხან მეორე მხარეს გადაიხრება. რაც შეეხება „საზოგადო სექტორში წასულ“ მილიარდერ ივანიშვილს, რომელმაც ერთი ხელის მოსმით შეავიწროვა სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“, თუმცა მეორეთი საბოლოოდ მოახდინა საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრის „დეფრაგმენტაცია“, ახლა იგი თვალყურს ადევნის, რომ ამერიკული ლაბორატორიის ნახაზების მიხედვით შექმნილი ხელისუფლების მემკვიდრეობითობის მექანიზმი „Made In Usa” მუშაობდეს „კოჰაბიტაციურად“, რისთვისაც დროდადრო მას „მწვანეებით“ დაზეთავს...

თუმცა „პროპელერი“, როგორც მაიორ მერფის ლაბორატორიაში, ისევ „საპირისპირო მიმართულებით დატრიალდება“ და თვითმფრინავი, სახელწოდებით „საქართველო“ კვლავ ვერ აფრინდება: ივანიშვილის შეგირდები, ყველაფერთან ერთად, „მარიფათიანებიც“ აღმოჩნდნენ, როგორც ლეიტენანტ შმიდტის შვილები“ - მის მიერ დანიშნული პრეზიდენტი და პრემიერი თავისი საპარლამენტო მდივნების მეშვეობით ყოველ ხელსაყრელ მომენტში ერთმანეთს გესლავენ (როგორც, მაგალითად, იყო ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ხელმოწერის უფლებისთვის), იმის ნაცვლად, რომ ისტორიის გაკვეთილები გაითვალისწინონ და სამშობლოს მომავალზე დაფიქრდნენ, მიმდინარეობს „ქასთინგი“: ვინც უფრო მტკივნეულად უთავაზებს მუჯლუგუნს „ოკუპანტ“ რუსეთს - ის უფრო დიდი „ევროატლანტია“, ამიტომ ევროკავშირთან საქართველოს ასოციაციის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ლოგიკურია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებას ველოდოთ.

განსაკუთრებით ყურში მოსახვედრი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილისა და პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები უკრაინელი ნეოფაშისტებისათვის მხარდაჭერაზე:

- იმიტომ, რომ სწორედ პრემიერ ღარიბაშვილის ხანგრძლივი ვიზიტის შემდეგ გაკეთდა აშშ-ში, სადაც მრავალგზის აღინიშნა, რომ „რუსი ოკუპანტი-აგრესორების პროვოკაციები გრძელდება“;

- იმიტომ, რომ ისინი გააკეთა არა ცნობილმა შეშლილმა სააკაშვილმა, არამედ ადექვატურმა და სისხლში გაუსვრელმა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, რაც რუსეთისთვის გაცილებით უსიამოვნოა;

- იმიტომ, რომ განცხადებები გაკეთდა პრაქტიკულად პროვოკატორი სააკაშვილის მხარდასაჭერად, რომელიც თავის „ნაციონალებთან“ ერთად (მათ შორის, უმცირესობის მოქმედ პარლამენტარებთან) სათავეში ჩაუდგა ნეოფაშისტურ სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში. რუსეთი გაითვალისწინებს, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, რომელმაც თავიდან 08.08.08 ომის გარემოებათა გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა, ვაშინგტონის ზეწოლით თავის განზრახვაზე ხელი აიღო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიუცია და ერთხელაც არ დაუკითხავს სამხედრო დამნაშავე და საერთაშორისო ტერორისტი სააკაშვილი, რომელსაც საშუალება მიეცა, დაუბრკოლებლად გამგზავრებულიყო აშშ-ში;

- იმიტომ, რომ ისინი პირდაპირ იყო მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ომი უკრაინაში, ისევე, როგორც 2008 წელს ომი საქართველოში, აშშ-ის მხარდაჭერითა და მითითებით გაჩაღდა, რომელსაც ან ყირიმის ოკუპირება სურდა იქ თავისი სამხედრო-საზღვაო ბაზის განსათავსებლად, ანდა რუსეთის გაჭიანურებულ სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა, მისი ყურადღების გადატანა სირიიდან, ირანიდან და ამ დროს, თავისი ბაზის შექმნა კასპიის ზღვაზე, სადაც საქართველო-აზერბაიჯაინის გავლით გავიდოდა;

- იმიტომ, რომ მას შემდეგაც კი, რაც ოდესაში ცოცხლად დაწვეს ადამიანები, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა არ დაგმეს ნეოფაშისტები, არამედ გულითადად მიულოცეს პოროშენკოს გაპრეზიდენტება, ხოლო ლუგანსკის დაბომბვის შემდეგ, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, საქართველოს პრეზიდენტი 7 ივნისს სისხლიან ინაუგურაციაზე გაემგზავრა, თუმცა იგნორირება გაუკეთა პუტინის შეპატიჟებას სოჭის ოლიმპიდის დროს - ჩამოსულიყო მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად. საქართველოს პირველმა პირებმა და საგარეო საქმეთა მინისტრმაც კი პოროშენკოს თანაუგრძნეს მისი გვარდიელების დაღუპვის გამო ჩამოგდებულ Ил-76-ში, მაგრამ არ მიაქციეს ყურადღება პოროშენკოს გვარდიელების რაკეტას, რომელიც სლავიანსკში სამშობიარო სახლს მოხვდა...

ამ მოქმედებებით საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ერთი ხელის მოსმით მოახდინა მის მიერვე მიღწეული ყველა, თუნდაც პატარა, მაგრამ მიღწევის ანულირება სავაჭრო და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის, რასაც შეიძლებოდა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საქართველო-აფხაზეთი-ოსეთის დიალოგის დასაწყისი მოჰყოლოდა. სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა კი ისეთივე ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად იქცა, როგორც სხვა „კოზირები“ - მაგალითად, საქართველოს ხმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის ფედერაციის გაწევრების მხარდასაჭერად.

მაშ ასე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში მერფის კანონი მოქმედებას აგრძელებს: გამუდმებული ექსპერიმენტების შედეგად საქართველოს სახელმწიფომ ბოლოსდაბოლოს მარცხი განიცადა - ივანიშვილის ხელისუფლებამ სააკაშვილის ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო უპერსპექტივო და ავანტიურული ევროატლანტიკური კურსი - ყველაზე უარესი არსებულთაგან - და დაამტკიცა იგი 27 ივნისის ხელშეკრულებით.

ამიტომ მოვლენები ამიერიდან არასახარბიელო მიმართულებით - მერფის კანონის მე-5 პუნქტის შესაბამისად - განვითარდება, რომელშიც ვკითხულობთ: „ცდების რაოდენობის შეუზღუდავი ზრდის პირობებში იზრდება არასასურველი შედეგის ალბათობაც“...

1-Edward-pol1-red1Geo2

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 27 ივნისი
საქართველო, თბილისი