პუტინის მრჩეველმა გლაზევმა პოროშენკოს ნაცისტი უწოდა
საქართველო, 27 ივნისი,
საქინფორმი. ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა სერგეი გლაზევმა პეტრე პოროშენკოს „ნაცისტი“ უწოდა. გლაზევის თქმით, ევროკავშირთან უკრაინის ასოციაციის შეთანხმება „არალეგიტიმურია“, ისევე, როგორც უკრაინის ახალი პრეზიდენტი. ბი-ბი-სის კორესპონდენტ სტივ როზენბერგთან ინტერვიუში გლაზევმა განაცხადა, რომ ევროპა ცდილობს, უკრაინას ამ დოკუმენტზე ხელმოწერა აიძულოს.
„უკრაინაში მათ სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს, ნაცისტებს ხელი შეუწყვეს ხელისუფლების სათავეში მოსულიყვნენ. ეს ნაცისტური მთავრობა უკრაინაში უდიდეს რეგიონს ბომბავს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა.
ბი-ბი-სის კორესპონდენტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა ნაცისტად პეტრე პოროშენკოც, გლაზევმა მიუგო: „რასაკვირველია“. „ვფიქრობ, ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროპელ ხალხს გაუკვირდება, როცა ეს ნაცისტი ფრანკენშტეინი, რომელიც ევროპელმა ბიუროკრატებმა და პოლიტიკოსებმა შვეს, ევროპის ქვეყნებს კარზე მიუკაკუნებს“, - განაცხადა გლაზევმა.
მისივე თქმით, პოროშენკო არალეგიტიმურია, რადგან უკრაინის მთელ რეგიონებს მაისის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.